ატლეტიკო, მადრიდის რეალი
Aa
Aa

ატლეტიკო რეალს მწვავედ აკრიტიკებს: „წითელი ხაზები არსებობს“

ატლეტიკოსა და რეალის მატჩიდან საკმაო დრო გავიდა, თუმცა სამეფო კლუბის მიერ დერბიში მსაჯობის საკითხზე დაწყებული კამპანია კვლავ გრძელდება. „რეალ მადრიდი“ „ატლეტიკოსთან“ კიდევ ერთხელ დამარცხდა, თუმცა მოურინიოს ემოციურმა განცხადებებმა მატჩისშემდგომი პერიოდი მსაჯთა მუშაობასთან დაკავშირებულ დიდ დაპირისპირებად აქცია, რომელსაც დასრულების ნიშნები ჯერ არ უჩანს და, როგორც ჩანს, უახლოეს დღეებში არც დასრულდება.

თითქმის 24 საათის შემდეგ, გარკვეული ირონიით, „ატლეტიკომ“ სოციალურ ქსელებში მოწინააღმდეგე მწვრთნელის ქცევა გააკრიტიკა. „ახლავე შეწყვიტეთ მსაჯებზე ზეწოლა“ — ასეთი იყო კლუბის თავდაპირველი, საკმაოდ თავშეკავებული გზავნილი. მოგვიანებით კი კიდევ ერთი პოსტი გამოქვეყნდა, რომელიც პირდაპირ მსაჯობაზე არსებულ „მანქანიზმს“ შეეხებოდა. პოსტი ისე იყო გაფორმებული, თითქოს დაბეჭდილ ფურცელს წარმოადგენდა და მასზე მოურინიოს გამოსახულებაც იყო.

თუმცა საქმე ამაზე გაცილებით შორს მიდის. „ატლეტიკოს“ მთავარი მოთხოვნა მსაჯთა საზოგადოების მიმართ პატივისცემაა. სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული პოსტების მიღმა, „ატლეტიკოში“ მიიჩნევენ, რომ მოურინიოს განცხადებები სამსაჯო ბრიგადის მიმართ მიუღებელია.

„არსებობს წითელი ხაზები, რომელთა გადაკვეთა არ შეიძლება და მათ ეს კიდევ ერთხელ გააკეთეს. უპატივცემულობა დაუშვებელია“, — განუცხადეს კლუბში გამოცემას.

თუმცა მადრიდული კლუბის პოზიცია ამით არ შემოიფარგლება. „მეტროპოლიტანოზე“ მიაჩნიათ, რომ მსგავსი ქცევა ესპანურ ფეხბურთს სახიფათო მიმართულებით მიჰყავს.

„ესპანური ფეხბურთის კეთილსინდისიერება საფრთხეშია. ან ახლა შევაჩერებთ ამას, ან უკან დასახევი გზა აღარ იქნება“, — აცხადებენ კლუბში.

„ატლეტიკოში“ ვერ ხვდებიან, რატომ ხდება მსაჯობა მთავარი განხილვის საგანი და რატომ მიიჩნევენ ახლა მსაჯთა ტექნიკურ კომიტეტში (CTA) განხორციელებულ ცვლილებებს არასწორად ან უკანონოდ.

კლუბში ასევე აკრიტიკებენ „რეალ მადრიდის“ ტელევიზიის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოებს, რომლებიც, მათი აზრით, მატჩებამდე მსაჯებზე გავლენას ახდენს.

„მათ ახლა საპასუხო დერბის ჩატარება სურთ — შეშინებული მსაჯებითა და მათ სასარგებლოდ დაშვებული შეცდომებით“, — აცხადებენ „ატლეტიკოს“ ოფისებში და ირონიულად საუბრობენ მსაჯთა დანიშვნებზეც:

„ერთადერთი დანიშვნა, რომელიც მათ გაუხარდებოდათ, მეგია დავილას დანიშვნა იქნებოდა“, — ამბობენ კლუბში და ყოფილი მსაჯის, ამჟამად კი „რეალ მადრიდის“ დელეგატის, კარლოს მეგია დავილას გულისხმობენ.

ბოლოს „ატლეტიკოში“ სიტუაციაზე ხუმრობით საუბარიც განაგრძეს:

„ვფიქრობდით, დაგვებეჭდა ყველა ის შეცდომა, რომლითაც მადრიდმა სარგებელი მიიღო, მაგრამ სიტყვები აღარ გვეყოფოდა. მდგრადობის თვალსაზრისით, ამას ვერ გავაკეთებთ.“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები