დავით კვირკველია
Aa
Aa

„ზოგიერთმა ფეხბურთელმა მეტოქე სათანადოდ ვერ შეაფასა“ - კვირკველია ევროტურნირებზე

საქართველოს პირველი და ჯერჯერობით უკანასკნელი საფეხბურთო კლუბი, რომელმაც ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა, თბილისის „დინამო“ გახლდათ, რომელმაც მიზანს 2004 წელს, გია გეგუჩაძის ხელმძღვანელობით მიაღწია. ოცდაერთი წლის წინანდელი ფორმაციის გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი დავით კვირკველია იყო, რომელმაც Crystalsport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში წლევანდელ ევროპულ საკლუბო ტურნირებზე Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის წარმომადგენლების ასპარეზობა შეაფასა.

დავით კვირკველია

გუშინდელი დღე ჩვენი გუნდებისთვის ნამდვილად წარუმატებელი აღმოჩნდა, მაგრამ ისეთი ანგარიშით არც ერთ მათგანს არ წაუგია, რომ მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი დაეკარგოს. შედარებით რთულ სიტუაციაში „სპაერი“ იქნება, „ტორპედოს“, „იბერიასა“ და „დილას“ კი მესამე საკვალიფიკაციო რაუნდში გასვლა შეუძლია.

„ლევადია“ – „იბერიაზე“ ვიტყვი, რომ მეტოქის შეუფასებლობას ჰქონდა ადგილი. ამას საქართველოს ჩემპიონის ყველა ფეხბურთელზე არ ვამბობ, მაგრამ ზოგიერთზე ნამდვილად, რომელთაც კონკრეტულად ბუნებრივია არ დავასახელებ. უბრალოდ, როდესაც ამდენ საგოლე მომენტს ვერ იყენებ, სხვა მიზეზის პოვნა რთულია. ნებისმიერ შემთხვევაში „იბერიას“ შემდეგ ეტაპზე გასვლა შეუძლია, რადგან თუ დაცვაში ჩამჯდარ გუნდს ტალინში ამდენი მომენტი შეუქმნა, იგივეს გაკეთება თბილისში კიდევ უფრო გაუადვილდება.

„იბერიას“ მსგავსად, ვფიქრობ, რომ „დილასაც“ ხელეწიფება წარმატების მიღწევა. ეს გუნდი სწრაფ, შეტევაზე ორიენტირებულ ფეხბურთს თამაშობს. თანაც გორში მათ წინააღმდეგ თამაში ყველას უჭირს. „დილაში“ ასპარეზობის გამოცდილება მაქვს, დამიჯერეთ ადგილობრივი პუბლიკის მხარდაჭერის ფონზე, ყველაფერია შესაძლებელი.

„ომონია“ – „ტორპედოს“ შეხვედრას ვუყურე და კვიპროსელებს ნამდვილად კარგი გუნდი ჰყავთ, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ქუთაისის კლუბის რიგებში ბევრი გამოცდილი ფეხბურთელი ირიცხება, მაქვს ოპტიმისტური განწყობა და მჯერა, რომ დირკ შუსტერის შეგირდები დასახულ მიზანს მიაღწევენ.

„სპაერს“ „აუსტრიასთან“ თავიდანვე დაბალი შანსები ჰქონდა, მაგრამ ფაქტია, რომ მეორე ლიგის კლუბისთვის ასეთ სისწრაფეებზე თამაში ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული. ნებისმიერ შემთხვევაში ამ გუნდმა გუშინ ღირსეულად ითამაშა და საპასუხო მატჩშიც წარმატებებს ვუსურვებ.

შეუძლია თუ არა წელს რომელიმე გუნდს 2004 წლის ფორმაციის თბილისის „დინამოს“ მიღწევის გამეორება? იცით, ფეხბურთში გადაჭრით რაიმეს თქმა არ შეიძლება. კარგად მახსოვს მაშინ ჩვენი არავის სჯეროდა და ამბობდნენ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებითა და ახალგაზრდა, გამოუცდელი მწვრთნელით ვერაფერს მივაღწევდით, თუმცა ყველამ ნახა, რომ ისეთი შედეგი დავდეთ, რომელსაც დღესაც იხსენებენ.

საუბრის მიწურულს, დავით კვირკველიამ გვითხრა, რომ პირადი მიზეზების გამო, სწორედ დღეს დატოვა „არაგვის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა. დუშეთის კლუბი მესამე ლიგაში თოთხმეტი ტურის შემდეგ მეოთხე ადგილზეა და ლიდერ სართიჭალის „შტურმს“ 7 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ქუთაისის ტორპედო ომონიასთან დამარცხდა
ქუთაისის ტორპედო ომონიასთან დამარცხდა