18 წლამდე გოგონათა ევრობასკეტი - საქართველო ნახევარფინალშია
Aa
Aa

18 წლამდე გოგონათა ევრობასკეტი - საქართველო ნახევარფინალშია

საქართველოს 18 წლამდე გოგონათა ნაკრები ევრობასკეტის C დივიზიონში ჯგუფიდან გავიდა. ნუგზარ ჭეიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩში კვიპროსი 71:61 დაამარცხა და პლეი ოფის საგზური ნაადრევად მოიპოვა. ჯგუფში კიდევ ერთი ტურია დარჩენილი, მაგრამ 2-დან 2 გამარჯვების მქონე საქართველოს, ბოლო შეხვედრა აუტსაიდერ გიბრალტართან რომც წააგოს, პირველი ადგილი განაღდებული აქვს.

საქართველოს ნაკრებმა პირველ ტურში მალტა ბოლო წუთებზე დაამარცხა. პირველი პერიოდი ქართველმა კალათბურთელებმა 20:8 მოიგეს, მეორეშიც იმარჯვეს და დიდ შესვენებაზე უკვე 16 ქულას იგებდნენ.

მესამე ათწუთეულში კვიპროსელებმა თამაში გამოასწორეს და ჩამორჩენა 7 ქულამდე შეამცირეს, მაგრამ ბოლო მეოთხედში ყველაფერი თავის ადგილზე დადგა - საქართველოს ნაკრები გამარჯვებამდე დამაჯერებლად მივიდა და პლეიოფის საგზური მოიპოვა.

გუნდს სალომე სვანმა 28 ქულითა და 6 ჩაჭრით ულიდერა. 15 ქულა და 12 მოხსნა მოაგროვა ნიცა საბადაშვილმა, ანა გელაშვილმა შეხვედრა 7 ქულით, 11 პასით, 7 მოხსნით და 2 ჩაჭრით დაასრულა.

ჯგუფის მეორე მატჩში მალტამ გიბრალტარს 89:27 მოუგო. საქართველოს ნაკრები ჯგუფურ ეტაპს პირველ ადგილზე დაასრულებს, მეორე ადგილისთვის ბოლო ტურში კვიპროსი და მალტა შეერკინებიან. საქართველოს მეტოქე ნახევარფინალში ხვალ გამოვლინდება, რადგან ჯერ უცნობია, რომელი გუნდი დაიკავებს A ჯგუფში მეორე ადგილს.

gbf.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
18 წლამდე გოგონათა ევრობასკეტი - საქართველომ მალტა დაამარცხა
18 წლამდე გოგონათა ევრობასკეტი - საქართველომ მალტა დაამარცხა