ორი ფრანგით, ხვიჩას გარეშე - Equipe-ი ოქროს ბურთზე წერს
„ეს მათი პროექტია“ - ამ სათაურით სტატიას აქვეყნებს წამყვანი ფრანგული გამოცემა L’Equipe-ი „ოქროს ბურთთან“ დაკავშირებით. გამოცემის ახალი ნომრის გარეკანზე „ოქროს ბურთის“ 5 კანდიდატია წარმოდგენილი, რომელთა შორის ვერ ვხედავთ გასული სეზონის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელს, ხვიჩა კვარაცხელიას.
კილიან მბაპე, ლამინ იამალი, ლიონელ მესი, უსმან დემბელე და ჰარი კეინი - სწორედ ეს ფეხბურთელები არიან გამოსახულები L’Equipe-ის გარეკანზე. სტატიაში მოყვანილია არგუმენტები, რომელიც თითოეული კანდიდატის სასარგებლოდ მეტყველებს.
ხვიჩა კვარაცხელია მხოლოდ უსმან დემბელესადმი მიძღვნილ მონაკვეთშია ნახსენები, სადაც L’Equipe-ი წერს, რომ პსჟ-ის ოფიციალური პირები ყველაზე ხშირად „ოქროს ბურთის“ კონტექსტში უსმან დემბელეს, ფაბიან რუისსა და ხვიჩა კვარაცხელიას ახსენებენ.
კილიან მბაპეს სასარგებლოდ მისი სტატისტიკა და ინდივიდუალური ჯილდოები მეტყველებს, ლამინ იამალმა „ბარსელონასთან“ ერთად ლა ლიგა და ესპანეთის სუპერთასი, ხოლო ესპანეთის ნაკრებთან - მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. „პარი სენ-ჟერმენი“ მედიაში უსმან დემბელეს გუნდზე ორიენტირებულ თავმდაბალ ლიდერად წარმოაჩენს, თავად ფრანგი კი საჯაროდ თავის თანაგუნდელებსა და კონკურენტებს აქებს.
რაც შეეხება ჰარი კეინს, L’Equipe-ი აღნიშნავს, რომ „ბაიერნმა“ მასსა და მაიკლ ოლისეს შორის არჩევანი ინგლისელზე გააკეთა, ხოლო ის ფაქტი, რომ დაჯილდოების ცერემონია ლონდონში გაიმართება, კეინის შესაძლო გამარჯვება კიდევ უფრო ემოციური გახდებოდა.
დაბოლოს, „ინტერ მაიამის“ და MLS-ის მიერ ლიონელ მესის სასარგებლოდ წარმოებული პიარკამპანია არაევროპულ, FIFA-ს რეიტინში დაბალი მაჩვენებლის მქონე ქვეყნებზეა გათვლილი, სადაც ტრადიციულად გლობალური დონის ვარსკვლავებს უჭერენ მხარს, აქცენტი კი მსოფლიო ჩემპიონატზე ნაჩვენებ თამაშზე კეთდება.
შეგახსენებთ, რომ „ოქროს ბურთის“ გამარჯვებული 26 ოქტომბერს ლონდონში დასახელდება. ზედიზედ მესამედ მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდოსთვის ხვიჩა კვარაცხელია იბრძვის. ბუკმეკერები „ოქროს ბურთის“ მოგების ფავორიტად „ბაიერნისა“ და ინგლისის ნაკრების ფორვარდს, ჰარი კეინს მიიჩნევენ (54%). მეორე ადგილზე ლამინ იამალია (24%), მესამეზე კი კილიან მბაპე (11%).