„არც ადამიანობა გააჩნია და ცუდი მებრძოლია“ - რაუნთრიმ ანკალაევს შეუტია
UFC-ის ქვემძიმე წონით დივიზიონში რბილად რომ ვთქვთ, არცთუ ჯანსაღი ატმოსფერო სუფევს. გარდა იმისა, რომ მოქმედ ჩემპიონს მაგომედ ანკალაევს ბრაზილიელ ალექს პერეირასთან საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა აქვს, როგორც ირკვევა, დაღესტნელი მებრძოლი მის სხვა კონკურენტებსაც არ უყვართ. ამის შესახებ ასე ღიად და საჯაროდ ხალილ რაუნთრიმ პირველად ისაუბრა და ანკალაევის მისამართით იმდენად კრიტიკული იყო, რომ მის განცხადებას პასუხი სავარაუდოდ ძალიან მალე მოჰყვება.
ხალილ რაუნთრი
სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ ვერ ვიტან მაგომედ ანკალაევს, ვერც როგორც ადამიანს და ვერც როგორც მებრძოლს, რადგან ის გამუდმებით სისულელეებს ლაპარაკობს. არ ვცემ პატივს მათ, რომლებიც სხვებს ტალახს უმიზეზოდ ესვრიან. მარტივი ჭეშმარიტებაა - მე თუ შენ არ გეხები და შენ სახელს არ ვახსენებ, რატომ საუბრობ საერთოდ ჩემზე?
არამხოლოდ ახალგაზრდობაში, არამედ ზრდასრულ ასაკშიც მიწევდა მსგავს სისულელეებთან გამკლავება. ეს ყველაფერი ტოქსიკურად გადაეცემა სოციალური ქსელის საშუალებით სხვებს და საუბედუროდ ამას ბავშვები ეცნობიან. ჩვენ ზრდასრული ადამიანები ვართ მილიონობით აუდიტორიით, გვაკისრია უდიდესი პასუხისმგებლობა და როდესაც მოქცევის ასეთ სტილს ვირჩევთ, როგორც მინიმუმ უხერხულია.
ყველაფერი ქრონოლოგიურად ასე განვითარდა - ივნისში ბაქოში ჯამაჰალ ჰილის დამარცხების შემდეგ, ხალილ რაუნთრიმ მაგომედ ანკალაევი საბრძოლველად გამოიწვია, რაზეც ამ უკანასკნელისგან პასუხად მიიღო, რომ ის ბამბისგან შექმნილი მებრძოლია,საშინელი ჩხუბი ჩაატარა და ურჩევნია დაისვენოს.