„მისნაირი მოუმზადებელი ჩოგბურთელი არ მინახავს“ - ციციპასს მწვრთნელი დაუპირისპირდა
მისი კარიერა იმდენად შთამბეჭდავად დაიწყო, ბევრი ფიქრობდა, რომ სტეფანოს ციციპასი მუდამ დიდი სლემის ტურნირების მოსაგებად იბრძოლებდა, თუმცა ბოლო პერიოდში ბერძენი ჩოგბურთელი პროგრესირების ნაცვლად, რეგრესის გზას ადგას. უიმბლდონზე კი არ გაუმართლა, რადგან პირველივე შეხვედრაში მიღებული ზურგის ტრავმის გამო გათამაშებას ჩაეხსნა. ყველას ეგონა, რომ მისი სამწვრთნელო შტაბის ერთ-ერთი წევრი გორან ივანიშევიჩი სტეფანოსის გამართლებას დაიწყებდა, თუმცა მან ეს არ გააკეთა და ბერძენი ჩოგბურთელი საჯაროდ გააკრიტიკა.
რას ამბობს ციციპასზე
წარუმატებლობის მიზეზები სულ სხვაგან უნდა ვეძებოთ. თუ სტეფანოსი კორტს მიღმა გარკვეულ საკითხებს გადაწყვეტს, მხოლოდ ამის შემდეგ ექნება შანსი დაბრუნდეს იქ, სადაც მისი ადგილია. ზედმეტად ნიჭიერია საიმისოდ, რომ ტოპ-ათეულს მიღმა იყოს.
მისგან მხოლოდ დაპირებებს ვიღებ - „ამას ვიზამ, იმას ვიზამ“. თუმცა, პროგრესს ამდენი ხანია ვერ ვამჩნევ. შოკში ვარ, რადგან ცხოვრებაში არ მინახავს მისნაირი მოუმზადებელი ჩოგბურთელი. ტრავმირებული მუხლითაც კი მასზე ათჯერ უკეთ ვითამაშებდი.
ცნობისათვის, სტეფანოს ციციპასს რამდენიმე კვირაში 27 წელი შეუსრულდება და ამჟამად მსოფლიო რეიტინგში 29-ე პოზიციაზეა. კარიერის მანძილზე დიდი სლემის ტურნირებზე ყველაზე დიდ წარმატებას 2021 და 2023 წლებში მიაღწია, როდესაც როლან გაროსისა და ავსტრალიის ღია პირველობის ფინალი ითამაშა.