„დვალიშვილის კარდიო საუკეთესოა“ - იანის იდეალური მებრძოლი
ბოლო პერიოდში მიღებულ პრაქტიკად იქცა ის ფაქტი, რომ შერეული ორთაბრძოლების მებრძოლები სოციალური ქსელის საშუალებითა, თუ სპორტულ ინტერნეტ-გამოცემებთან საუბრის დროს, სხვადასხვა საბრძოლო კომპონენტებში საუკეთესოებს ასახელებენ და ამ გზით იდეალურ მებრძოლს ადგენენ. მსგავსი რუბრიკის სტუმარი ამჯერად სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის რუსი მებრძოლი პეტერ იანი გახლდათ, რომელმაც მისი ყოფილი მეტოქე მერაბ დვალიშვილიც ახსენა.
პეტერ იანი
დარტყმის ძალით აუცილებლად ტომ ასპინალს გამოვარჩევდი, ხოლო გამძლეობითა და კარდიოთი მერაბ დვალიშვილი განუმეორებელია, რაშიც მასთან შეხვედრის დროსაც კარგად დავრწმუნდი. ფეხით დარტყმებში ვფიქრობ, რომ რაფაელ ფიზიევია უძლიერესი, ხოლო საბრძოლო IQ-თი უდავოდ დემეტრიუს ჯონსონს დავასახელებდი. ნამდვილი, სამაგალითო მებრძოლი გახლდათ ხაბიბ ნურმაგომედოვი, ძლიერი ნიკაპი მარვინ ვეტორს აქვს. რაც შეეხება პუბლიკაზე გათვლილი განცხადებების გაკეთებაა, ეს ყველაზე უკეთ კონორ მაკგრეგორს გამოსდიოდა.
ცნობისათვის, პეტერ იანი საკმაოდ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ოქტაგონში ხვალ აბუ-დაბიში გასამართ ღონისძიებაზე დაბრუნდება და მისი მეტოქე მარკუს მაკგი იქნება.