„ხაბიბის კარდიო და ჯონსის ინტელექტი“ - შარამ იდეალური მებრძოლი დაასახელა
მაიკლ პეიჯისთან განცდილი მარცხის შემდეგ, UFC-ის საშუალო წონითი დივიზიონის დაღესტნელ მებრძოლს შარაბუტდინ მაგომედოვს საკმაოდ ხანგრძლივი პაუზა გამოუვიდა და ოქტაგონს მომავალ უიქ-ენდზე უბრუნდება. 31 წლის სპორტსმენის მეტოქე კანადელი მარკო-ანდრე ბარიო იქნება და თავად შარა ბულეტიც კარგად აცნობიერებს, რომ წინა მარცხით შელახული რენომეს აღსადგენად ამ ბრძოლის გამარჯვებით დასრულებას მისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
მიუხედავად იმისა, რომ წინ საკმაოდ სერიოზული დაპირისპირება ელოდება, მაგომედოვი სხვა თემებზე სალაპარაკოდაც იცლის. მაგალითად, როდესაც ერთ-ერთი გამოცემის ჟურნალისტმა მას იდეალური მებრძოლის დასახელება სხვადასხვა კომპონენტების შეერთებით სთხოვა, კოლეგებისგან განსხვავებით, შარა გაცილებით კარგი მოსაუბრე აღმოჩნდა და დეტალური პასუხი გასცა.
შარაბუტდინ მაგომედოვი
ჩემთვის იდეალურ მებრძოლს უნდა გააჩნდეს ისეთი სიძლიერის დარტყმა, როგორიც მე მაქვს და კარგი იქნებოდა თუ ჩემნაირი განწყობა და ხასიათიც ექნებოდა. კარდიო და ბრძოლის უნარი ხაბიბ ნურმაგომედოვს რომ ჰქონდა, ასეთი UFC-ში არასოდეს არავის ჰქონია. საბრძოლო ინტელექტით გამორჩეული მუდამ ჯონ ჯონსი გახლდათ, ხოლო „თრეშ-თოქში“ უკონკურენტო კონორ მაკგრეგორი იყო. რაც შეეხება თავდაცვას, ამ მხრივ საუკეთესო ისლამ მახაჩევია, რომელიც მეტოქის შეტევისგან თავს იმდენად ჭკვიანურად იცავს, მგონი წარმატებას პირველ რიგში ამის წყალობით აღწევს.
ცნობისათვის, რამდენიმე თვის წინ მაიკლ პეიჯისთან განცდილი მარცხი შარაბუტდინ მაგომედოვისთვის კარიერაში პირველი იყო, იქამდე კი ზედიზედ 15 ორთაბრძოლა ჰქონდა მოგებული, საიდანაც 12 შემთხვევაში მეტოქეები ნოკაუტში გაგზავნა.