„ფეხბურთმა ცხოვრება დამინგრია“ - ლუჩანო სპალეტი
იტალიის ნაკრების ყოფილმა დამრიგებელმა, ლუჩანო სპალეტიმ გამოცემა La Repubblica-სთან ინტერვიუში ეროვნული ნაკრებიდან წასვლაზე ისაუბრა. სპალეტი ამბობს, რომ ნაპოლიდან იტალიის ნაკრებში წასვლას არ ნანობს, თუმცა აღიარებს, რომ „სკუადრა აძურას“ სათავეში გატარებულმა პერიოდმა მასზე ნეგატიურად იმოქმედა.
„ფეხბურთმა ცხოვრება დამინგრია. ეს თამაში საკუთარ თავზე მეტად მიყვარს და მას ჩემი ყველაზე ახლობელი ადამიანები შევწირე. ნორვეგიასთან მარცხს რომ ვიხსენებ, ახლაც ვერ ვიძინებ. ხანდახან მგონია, რომ ბედნიერი ვარ, შემდეგ კი ისევ ის მატჩი მახსენდება და მოსვენებას ვკარგავ.
იყო თუ არა ნაკრებში წასვლა შეცდომა? არა, როდესაც „სკუადრა აძურა“ გიხმობს, უარს ვერ იტყვი. ჩემი შეცდომა ის იყო, რომ ზედმეტად ვეყრდნობოდი იდენტობის გრძნობას, ფეხბურთელებს ვთხოვდი, ემოციურად ემღერათ ჰიმნი და ქვეყნის ეროვნული ნაკრების მაისური სიამაყით და პასუხისმგებლობით ეტარებინათ, მაგრამ ამან არ გაამართლა“.
შეგახსენებთ, რომ სპალეტიმ „სკუადრა აძურა“ 2023 წლის აგვისტოში, რობერტო მანჩინის მოულოდნელი გადადგომის შემდეგ ჩაიბარა. მიმდინარე წლის ივნისში იტალია მუნდიალის შესარჩევში ნორვეგიასთან 0:3 დამარცხდა, რის შემდეგაც ლუჩანომ განაცხადა, რომ ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობას დატოვებს. სპალეტის თავკაცობით იტალიის ნაკრებმა 24 მატჩიდან 12 მოიგო, 6 ფრედ ითამაშა, 6 კი წააგო.