გარეთ ბეილი
Aa
Aa

“ფეხბურთის თამაში არ მენატრება“ - ბეილის ვრცელი ინტერვიუ

მადრიდის რეალის ყოფილმა ფეხბურთელმა გარეთ ბეილმა The Athletic-თან ინტერვიუში სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფეხბურთი არ ენატრება.

„სიმართლე გითხრათ, თამაში არ მენატრება. ყოველთვის ვიცოდი, რომ ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული და ამ მომენტისთვის წინასწარ ვემზადებოდი.“

ბეილი ახლა ინვესტორ ჯონ შულმანთან  ერთად სპორტულ საინვესტიციო ფონდს ქმნის, რომლის მიზანია ფეხბურთში, ახალგაზრდების განვითარებაში, გოლფსა და სხვა სპორტულ პროექტებში 500 მილიონ დოლარზე მეტი დააბანდოს.

მათ შორის, უახლოეს თვეებში ამერიკაში ქალთა საფეხბურთო კლუბშიც განხორციელდება ინვესტიცია.

„თუ ჩემს კარიერას აკადემიიდან დავაკვირდებით, ქალთა სპორტში მსგავსი შესაძლებლობები ხშირად არ არსებობს. სწორედ ამიტომ გვინდა ამ მიმართულებით ვიმუშაოთ.

გვსურს, სპორტი ბავშვობიდან უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ. გოგონებს ისეთივე შესაძლებლობები უნდა ჰქონდეთ, როგორიც ბიჭებს. პირობებიც და შანსებიც თანაბარი უნდა იყოს.“

გარეთ ბეილმა MLS და ევროპული ფეხბურთი ერთმანეთს შეადარა:

„აშშ-ში გავარდნა არ არსებობს და წაგებას ისეთი შედეგები არ მოყვება. მადრიდის რეალში კი 1 წაგება სამყაროს დასასრულს ჰგავს. მახსოვს, როცა ლოს ანჯელესთან პირველი თამაში წავაგეთ, მეგონა, უზარმაზარი ზეწოლა, შეურაცხყოფა და მწვავე კრიტიკა დაგვატყდებოდა თავს.

მაგრამ იქ წაგება ბევრად უფრო ბუნებრივად მიიღება. ატმოსფეროც უფრო ოჯახურია და ეს ძალიან მომწონდა.“

უელსელმა ვარსკვლავმა თანამედროვე ფეხბურთის ცვლილებებზეც ისაუბრა:

„განსაკუთრებით ბოლო ხუთ წელიწადში მწვრთნელების გავლენა გაცილებით გაიზარდა და ფეხბურთი უფრო ტაქტიკური გახდა. აღარ არის უწყვეტი შეტევა-შეტევა. ახლა უფრო ჭადრაკს ჰგავს, ვიდრე კალათბურთს. ამიტომაც ნაკლებად ვხედავთ დრიბლინგს და ინდივიდუალურ მოქმედებებს.

რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ არიან ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც სკამიდან წამოგახტუნებენ — კილიან მბაპე, ლამინ იამალი, ვინისიუს ჟუნიორი.. თუმცა შესაძლოა ასეთები ცოტანი არიან, რადგან თავისუფლებას აღარ აძლევენ.“

ბეილმა მადრიდული კლუბის გასახდელზეც ისაუბრა:

„რეალის გასახდელი ცოტა ქაოსური იყო. „იმედი მაქვს, ისეთი გამოცდილების მქონე მწვრთნელი, როგორიც მოურინიოა, გუნდს დაასტაბილურებს და ყველას ერთ მიმართულებას მისცემს.“

ამავე დროს, მან დიდი პატივისცემა გამოხატა კარლო ანჩელოტის მიმართ:

„კარლო ადამიანებთან ურთიერთობაში გამორჩეული სპეციალისტია. ძალიან კარგად ესმის ფეხბურთელების ფსიქოლოგია და ზეწოლა, რომელიც ასეთ კლუბში თამაშს ახლავს. ის ფეხბურთელებს აგრძნობინებს, რომ მათზე ნამდვილად ზრუნავს.

დიდ კლუბში მწვრთნელს ტაქტიკაზე მეტად ეგოების მართვა სჭირდება და სწორედ ამიტომ იყო ანჩელოტი ასეთი წარმატებული.“

შეგახსენებთ, რომ გარეთ ბეილი მადრიდის რეალში 2013/2022 წლებში თამაშობდა, თუმცა 2020/2021 წლებში ის ტოტენჰემში იყო განათხოვრებული.

უელსელმა ყოფილმა ფეხბურთელმა, სამეფო კლუბის მაისური ყველა ტურნირზე ერთად ჯამში 258-ჯერ მოირგო, 106 გოლი გაიტანა და 68 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“არ გამიკვირდება უზბეკეთს თუ ჰეთ-თრიკს შეუსრულებს“ - ოუენი რონალდუზე
“არ გამიკვირდება უზბეკეთს თუ ჰეთ-თრიკს შეუსრულებს“ - ოუენი რონალდუზე