შენგელიას 9 ქულა ვალენსიასთან - ფინალში ანგარიში გათანაბრდა
ესპანეთის ACB ლიგის ფინალური სერიის მეორე მატჩში თორნიკე შენგელიას „ბარსელონა“ „ვალენსიას“ ესტუმრა და 75:102 დამარცხდა.
პირველი მეოთხედი მასპინძლებმა 15-ქულიანი უპირატესობით მოიგეს (26:11), მეორე მეოთხედში კი „ბლაუგრანამ“ ჩამორჩენა 7 ქულამდე შეამცირა (45:38).
მესამე მეოთხედში კატალონიური გუნდი ცუდად გამოიყურებოდა და „ვალენსიამ“ უპირატესობა 23 ქულამდე გაზარდა (75:52), მეოთხედში კი მასპინძლებმა საქმე ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანეს - 102:75.
რაც შეეხება შენგელიას, ის „ბლაუგრანას“ ძირითად შემადგენლობაში იყო და პარკეტზე გატარებულ 20:52 წუთში თანაგუნდელებს 9 ქულით, 1 მოხსნითა და 2 შედეგიანი გადაცემით დაეხმარა. თორნიკემ თამაშიდან 10-დან 4 ბურთი ჩააგდო (ოთხივე ორქულიანი), სამქულიანი არ უსვრია, 2 საჯარიმოდან კი 1 გამოიყენა.
ცნობისთვის, სერიაში ანგარიში 1:1-ია. 22 ივნისს ბარსელონაში მესამე, ხოლო 24 ივნისს ვალენსიაში მეოთხე მატჩი გაიმართება. ACB ლიგაში ფინალური სერია 3 გამარჯვებამდე გრძელდება.