„შესაძლოა, ისეთი აღარ იყოს, როგორიც აქამდე იყო“ - ბისპინგმა ილიაზე ისაუბრა
UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა და ამჟამად კომენტატორმა, მაიკლ ბისპინგმა ილია თოფურიას ჯასტინ გეიჯისთან მარცხზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ წაგების შემდეგ ილია შესაძლოა, ისეთი მებრძოლი ვეღარ იყოს, როგორიც თეთრ სახლში ჩხუბამდე იყო.
რას ამბობს ბისპინგი:
„შესაძლოა ის აღარასოდეს იყოს ისეთი მებრძოლი, როგორიც აქამდე იყო. ის დაუმარცხებელი იყო, თუმცა მძიმე მარცხი განიცადა. ილია თოფურიას გულშემატკივარი ვარ - არა მხოლოდ მისი ჩხუბის სტილის გამო, არამედ იმის გამოც, თუ როგორ უჭირავს თავი. ის ნამდვილად მაგარი ბიჭი და ჯენტლმენია. მასთან არანაირი სკანდალი არ ასოცირდება, მაგარი ბიჭია. ვფიქრობ, ჯოშ ჰოკიტმა პრესკონფერენციაზე ის ოდნავ წყობიდან გამოიყვანა. ჰოკიტის საქციელის გამო ის მთელი კვირა ცოტა არეული იყო, აწონვებზე კი ჯასტინ გეიჯის ხელიც ჰკრა.“
„ვფიქრობ, ემოციები ცოტათი ხელს უშლის. თუმცა, როცა ასეთ ბრძოლას აგებ, ეს ნიშნავს, რომ დაგამარცხეს. ზუსტად ისე, როგორც „პრინცი“ ნასიმ ჰამედი: ის ყველას ანადგურებდა, შემდეგ ერთი ბრძოლა წააგო და მას მერე ძველებური აღარასოდეს ყოფილა. ახლა უკვე იცი, რომ შეიძლება დაგამარცხონ. შენში ეჭვი იბადება. ვინ იცის? შესაძლოა, ის დაბრუნდეს და საკუთარი თავის გაუმჯობესებული ვერსია გახდეს, მაგრამ სანამ ეს არ მოხდება, ამას ვერ გავიგებთ.“
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია ჯასტინ გეიჯისთან დამარცხდა და მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ქამარი დაკარგა. მიღებული დაზიანებების შემდეგ ქართველი მებრძოლი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი დახმარება აღმოუჩინეს და რამდენიმე საათის წინ გაწერეს. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ათლეტურმა კომისიამ ილიას ბრძოლის გამართვა მინიმუმ 6 თვით აუკრძალა, 60 დღის განმავლობაში კი კონტაქტური ვარჯიშის ჩატარებასაც ვერ შეძლებს.