„მისი კარიერა ახლა იწყება“ - UFC-ის ყოფილმა მებრძოლმა და მწვრთნელმა ილიაზე ისაუბრა
UFC-ის ყოფილმა მებრძოლმა და ამჟამად მწვრთნელმა, დინ ტომასმა თეთრი სახლის ღონისძიებაზე ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის ჩხუბი შეაფასა და განაცხადა, რომ თოფურიას კარიერა სწორედ ამ მარცხის შემდეგ იწყება.
რას ამბობს დინ ტომასი:
„ეს სწორედ ის იყო, რაც მას სჭირდებოდა. ილიამ საკუთარ თავში უნდა ჩაიხედოს, რადგან ის მენტალიტეტი, რომელიც ასეთი სიმაღლეების მისაღწევად სჭირდებოდა, ახლა ყველაზე მეტად ესაჭიროება. უნდა იგრძნოს, რომ დაუმარცხებელი და უძლიერესია. ეს მაშინ ხდება, როცა ამას გრძნობ, საკუთარი თავის გჯერა და ბრძოლის წინა ღამეს ღვინოს მიირთმევ. ახლა კი უკან უნდა დაბრუნდე, საკუთარ თავს კითხვები დაუსვა და სწორედ აქ იწყება საკუთარ თავში ჩაღრმავება“.
„ახლა უკვე ეჭვები გიჩნდება. ენდობი კი ისევ საკუთარ თავს და გაქვს იგივე რწმენა? ხარ კი ისეთივე დიდებული, როგორც გეგონა? უნდა შეძლო და შეინარჩუნო თავდაჯერებულობის იგივე დონე მაშინაც კი, როცა იცი, რომ ამან არ გაამართლა ჯასტინ გეიჯისნაირი მებრძოლის წინააღმდეგ, სადაც 6-1 ფავორიტად ითვლებოდი. ეს საკუთარ თავში ძალიან ღრმად ჩახედვას მოითხოვს. ვფიქრობ, ილიას ამის გაკეთება შეუძლია“.
ტომასის შეფასებით, მარცხის მიუხედავად, თოფურიას ქცევა ნამდვილად დასაფასებელია. მისი პირველი საჯარო რეაქცია გეიჯისთვის გამარჯვების მილოცვითა და შედეგის ყოველგვარი მიზეზების ძიების გარეშე მიღებით დაიწყო, რასაც ტომასი თოფურიას ამ სირთულიდან წამოდგომის უნარის დამაიმედებელ ნიშნად მიიჩნევს.
„მომწონს, როგორც იქცევა – ის არ ეძებს გამართლებას. მის მარცხთან დაკავშირებით არანაირი კითხვის ნიშანი არ არსებობს. ეს კონორის მარცხს მაგონებს. ჩემთვის ეს ნამდვილი სიდიადის მანიშნებელია. უბრალოდ გამოდიხარ და მომხდარზე პასუხისმგებლობას იღებ. ისე არ არის, რომ ცუდი ბრძოლა ჩაატარა. დასაწყისშივე, მას გამარჯვებამდე წამები აშორებდა. ზუსტად ისე, როგორც ყველა ველოდით. ყველაფერი ისე ვითარდებოდა, როგორც წარმოგვედგინა. იმის გამოკლებით, რომ დაცვაში იმაზე მეტად უპასუხისმგებლო აღმოჩნდა, ვიდრე მოველოდი“.
„მან შესანიშნავი ბრძოლა ჩაატარა, აჩვენა თავისი სიძლიერე და ვფიქრობ, ამის წყალობით ის უკეთესი მებრძოლი გახდება. ეს სწორედ ისეთი ბრძოლაა, რომელიც მას სჭირდებოდა, რათა რეალურად გამოეცადა ის, რისი გავლაც MMA-ში ყველას უწევს... ის ფაქტი, რომ ილიამ საბოლოოდ შეიგრძნო ეს, მას მხოლოდ წაადგება. სწორედ ამ მარცხის გამო, მოუთმენლად ველი მის მომდევნო ბრძოლას. მაინტერესებს, თუ როგორ შეძლებს მდგომარეობიდან გამოსვლას. ამ ყველაფერმა ის შეიძლება უკეთესი გახადოს, ან პირიქით – ბევრად უარესი. თუმცა, ჩემი აზრით, ის ამ გამოცდილებით გაიზრდება. ახლა მან უკვე იცის, თუ რას ნიშნავს, როცა შენს მაქსიმუმს აკეთებ, ბოლომდე იხარჯები და ნამდვილი მეომარივით იბრძვი, მაგრამ ეს მაინც არ არის საკმარისი გასამარჯვებლად. ვფიქრობ, მისი კარიერა მხოლოდ ახლა იწყება“, - განაცხადა დინ ტომასმა.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია ჯასტინ გეიჯისთან დამარცხდა და მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ქამარი დაკარგა. მიღებული დაზიანებების შემდეგ ქართველი მებრძოლი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი დახმარება აღმოუჩინეს და რამდენიმე საათის წინ გაწერეს. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ათლეტურმა კომისიამ ილიას ბრძოლის გამართვა მინიმუმ 6 თვით აუკრძალა, 60 დღის განმავლობაში კი კონტაქტური ვარჯიშის ჩატარებასაც ვერ შეძლებს.