ლებრონი სან ანტონიოში? | რას წერს CBS Sports-ის ჟურნალისტი
ლებრონ ჯეიმსმა შესაძლოა კარიერა „სან ანტონიო სპურსში“ გააგრძელოს. ამის შესახებ CBS Sports-ის ჟურნალისტი, სემ კინი იტყობინება.
„ლებრონსა და „სპურსის“ ყოფილ მწვრთნელს, გრეგ პოპოვიჩს კარგი ურთიერთობა აქვთ და თუ „მეფეს“ ნამდვილად სურს, მომდევნო სეზონში ჩემპიონობისთვის იბრძოლოს, „სპურსზე“ უკეთესი მიმართულება მისთვის არ არსებობს“, - აღნიშნავს კინი.
მისივე ინფორმაციით, „სპურსს“ ამ ტრანსფერის განსახორციელებლად საჭირო ფინანსებიც აქვს და ასეთ შემთხვევაში ლებრონი ლიგის ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავის, ვიქტორ ვემბანიამას თანაგუნდელი გახდება.
„სპორტული თვალსაზრისით ამ გადაწყვეტილებას არაფერი დაეწუნება, იმიტომ რომ ლებრონს ყოველთვის მოაქვს შედეგი - მას ყველაფერი შეუძლია“, - წერს CBS Sports-ის ჟურნალისტი.
შეგახსენებთ, რომ 41 წლის ჯეიმსი თავისუფალი აგენტი გახდება. „ლეიკერსი“ მისთვის ახალი კონტრაქტის შეთავაზებას განიხილავს, თუმცა ყველასათვის ნათელია, რომ გუნდის მშენებლობა ლუკა დონჩიჩისა და ოსტინ რივზის გარშემო უნდა გაგრძელდეს.
აქვე გეტყვით, რომ გასულ სეზონში ლებრონი საშუალოდ 20.9 ქულას, 6.1 მოხსნას და 7.2 შედეგიან გადაცემას აგროვებდა. მან 60 მატჩი ჩაატარა და თამაშიდან 51.5%-იანი სიზუსტით ისროდა.