„ფინალში წაგება მტკივნეულია, მაგრამ უდიდესი გამოცდილება მივიღეთ“ - ვემბანიამა
„სან ანტონიო სპურსის“ ლიდერმა, ვიქტორ ვემბანიამამ „ნიუ იორკ ნიქსთან“ წაგებული სუპერფინალი შეაფასა. ფრანგი ცენტრი, რომლისთვისაც ეს კარიერაში პირველი სუპერფინალი იყო, ამბობს, რომ მნიშვნელოვანი გამოცდილება მიიღო და ახლა მომდევნო სეზონისთვის მოემზადება.
„ეს ჩემს ცხოვრებაში ყვეალზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი და შეუფასებელი გამოცდილება იყო. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გუნდი სწორ დასკვნებს გააკეთებს. მტკივნეული მომენტია, თუმცა მე მას ენერგიის წყაროდ გამოვიყენებ.
ფინალურ სერიაში განვითარებული მოვლენები აისახება იმაზე, თუ როგორ ვითამაშებთ მომდევნო სეზონში. წელს ძალიან დიდი გამოცდილება მივიღეთ. ჩემთვის ბოლო 18 თვე ძალიან რთული იყო.
არა მგონია, რომ ერთი სეზონისა და ერთი პლეიოფის ფარგლებში ვინმეს ოდესმე მეტი გამოცდილება მიეღოს. გაბრაზებული ვარ, რომ მომდევნო ფინალამდე კიდევ 100 მატჩი დარჩა, თუმცა ეს მომენტი აუცილებლად დადგება.
ნათელია, რომ ჩემპიონობისთვის მზად არ ვიყავით. ამასთან დაკავშირებით არანაირი კითხვები არ არსებობს. თუმცა მონდომების, ინტენსივობისა და ძალისხმევის მხრივ კარგი დონე ვაჩვენეთ. მთავარი, რაც გვაკლია, გამოცდილებაა. ნიჭის, ოსტატობისა და პოტენციალის მხრივ პრობლემა არ გვაქვს, მაგრამ ჩვენ, მათ შორიც მეც, ძალიან ბევრ შეცდომას ვუშვებთ“.
ცნობისთვის, „სპურსმა“ „ნიქსთან“ სუპერფინალი 1:4 წააგო. 22 წლის ვემბანიამამ ფინალურ სერიაში საშუალოდ 26 ქულა, 11.2 მოხსნა, 2.6 შედეგიანი გადაცემა, 3.6 დაფარება და 1 ჩაჭრა დააგროვა.
აქვე გეტყვით, რომ „ნიქსმა“ NBA-ს ჩემპიონობა ისტორიაში მესამედ იზეიმა. პირველად ნიუიორკელებმა ეს 1970 წელს შეძლეს, მეორედ კი 1973 წელს. შესაბამისად, „ნიქსისთვის“ ეს 21-ე საუკუნეში პირველი ჩემპიონობაა.