დილამ ლიდერი დაამარცხა - შეყილაძის სუპერგოლი
Crystalbet ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში „რუსთავის“ 3-მატჩიანი მოგებათა სერია თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე დასრულდა, სადაც ადგილობრივმა გორის „დილამ“ გია ცეცაძის მიერ მომზადებული ფეხბურთელები 3:0 დაამარცხა. გორელები მე-19 ტურის თამაშისთვისაც მოედანზე დროებითმა დამრიგებელმა რამაზ სოლოღაშვილმა გაიყვანა, ახალი მთავარი მწვრთნელი, ბერძენი დიამანტის ვავალისი კი მოვალეობის შესრულებას მომდევნო მატჩიდან შეუდგება.
შეხვედრაში გამარჯვებულის ბედი მეორე ტაიმის 6-წუთიან მონაკვეთში გადაწყდა. ჯერ გორელები 62-ე წუთზე შოთა შეყილაძემ სუპერგოლით დააწინაურა, ხოლო შემდეგ მოჰამედ კანტემ სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა. საბოლოო ანგარიში 75-ე წუთზე, რუსთაველთა ლეგიონერის დავიდ ოლივეირას ავტოგოლის შედეგად დაფიქსირდა.
ცნობისათვის, ამ მარცხის შემდეგ „რუსთავი“ ლიდერობის დაკარგვის სერიოზული საფრთხის წინაშე დადგა - იმ შემთხვევაში თუ „იბერია“ ხვალ საკუთარ სტადიონზე „მეშახტეს“ დაამარცხებს, პირველ ადგილს დაიბრუნებს.