ხეჩიკაშვილი: „იბერიას თამაში არ მაძლევდა იმის იმედს რომ არ შევრცხვებოდით“
Aa
Aa

ხეჩიკაშვილი: „იბერიას თამაში არ მაძლევდა იმის იმედს რომ არ შევრცხვებოდით“

საქართველოს საფეხბურთო კლუბებიდან ბოლო პერიოდში განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ „იბერია 1999“ მოექცა. ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე, საქართველოს მოქმედ ჩემპიონში მთავარი მწვრთნელი კიდევ ერთხელ შეიცვალა და გუგა ნერგაძე ანდრეი დემჩენკომ შეცვალა. რით იყო განპირობებული ასეთ ცაიტნოტურ ვითარებაში სამწვრთნელო ცვლილება და რამდენად ოპტიმისტურად არის განწყობილი ესტონეთის „ფლორასთან ორმატჩიანი დუელის წინ, ამის თაობაზე „იბერია 1999“-ის პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა გადაცემაში „სპორტი იმედზე“ სტუმრობისას დეტალურად ისაუბრა.

ტარიელ ხეჩიკაშვილი

იმედია 2026 წელს არამხოლოდ ჩვენ, არამედ საქართველოს Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის დანარჩენი სამი კლუბიც ევროტურნირებზე ღირსეულად გამოვა, რაც საშუალებას მოგვცემს უეფამ სამის ნაცვლად ისევ ოთხგუნდიანი კვოტა დაგვიბრუნოს. იმაზე საუბარი, რომ Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის დონე გაზრდილია, თავის მოტყუება იქნება.

შარშანაც ესტონეთის ჩემპიონთან დავმარცხდით და მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ ეს დანაკლისი ავინაზღაუროთ. ვფიქრობ, სათანადო დასკვნები გაკეთებულია. არ მინდა ამ ქვეყანას შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ თუ ესტონეთის წარმომადგენელს წელსაც ვერ მოვუგეთ, მაშინ ცუდად ყოფილა ჩვენი საქმე.

ერთი წლის წინანდელი მაგალითი მინდა გავიხსენო - ლევან კორღალიძე ძალიან კარგი მწვრთნელია, მაგრამ უზომოდ ემოციურია და ყველაფერი გულთან ახლოს მიაქვს. 2025 წელს ორი წრე იყო დასრულებული, ჩემპიონატს ვლიდერობდით 6-ქულიანი ჰანდიკაპით, როდესაც ლევანმა მითხრა, რომ ძველებური ეგრეთწოდებული ქიმია აღარ ჰქონდა ფეხბურთელებთან და წასვლა სურდა. ჩემთვის ეს იმდენად დიდი შოკი გახლდათ, იძულებული ვიყავი საკონტრაქტო ვალდებულებები შემეხსენებინა და დავტოვე. „ლევადიასთან“ პირველ მატჩში დამარცხების შემდეგ კორღალიძემ წასვლის თხოვნით კიდევ ერთხელ მომმართა და ხვდებით, ანუ რისგან ავირიდე წელს თავი და რატომ გადავწყვიტე სამწვრთნელო ცვლილება?

მოკლედ ვიტყვი - „იბერიას“ ბოლოდროინდელი თამაში არ მაძლევდა იმის წინაპირობას, რომ ევროტურნირებზე არ შევრცხვებოდით. „სპაერს“ ვეთამაშებოდით და ჩვენი კლუბის ძირითადში რომ ვერ ხვდებოდნენ ისეთმა მოთამაშეებმა ბურთი არ დაგვანახვეს და ამას რომ ვუყურებ, მშვიდად როგორ უნდა ვიყო? „სამგურალთან“ რამდენიმე კვირის წინ გამართული თამაშის შემდეგ გუგა ნერგაძემ კლუბის სპორტულ დირექტორს უთხრა, რომ საკუთარი თავი ამოწურა და წასვლა უნდოდა, ანუ იგივე პრობლემის წინაშე დავდგებოდით, რაც წინა წელს გვქონდა.

„იბერიადან“ წასული მწვრთნელებიდან ვინმემ იმის ნახევარს მაინც მიაღწია, რა შედეგიც ჩვენთან გვქონდა? იმ სირცხვილის თანავტორები, რომელიც ბოლო წლებში „არარატ არმენიასთან“ და „ლევადიასთან“ ევროტურნირებზე განვიცადეთ, ახლა ექსპერტებად იქცნენ და თავის მართლების რეჟიმში ჩვენ, ხელმძღვანელები ვიმყოფებით. წინა წლებში მომხდარიდან გამომდინარე, დემჩენკოსთან 6 თვეს + 1-წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა. ის ხედავს ჩვენ კლუბში პოტენციალს და იმედია, წარმატებასაც მიაღწევს.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „იბერია 1999“-ის მეტოქე ესტონეთის „ფლორა“ იქნება და მისი ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის ბოლო ორი წლის ჩემპიონი ბრატისლავის „სლოვანს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
BBC: არსენალი ბართიშვილის სანაცვლოდ ოფიციალურ შეთავაზებას ამზადებს
BBC: არსენალი ბართიშვილის სანაცვლოდ ოფიციალურ შეთავაზებას ამზადებს