მიროსლავ კლოზე, ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრები, გერმანიის საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

„მეტოქეს სულის მოთქმას არ ვაცდიდით, 5-0-ზეც არ მოვდუნდით“ - კლოზე ბრაზილიასთან 7:1-ზე

გერმანიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა მიროსლავ კლოზემ 2014 წლის მუნდიალზე ბრაზილიის ნაკრების 7:1 განადგურება გაიხსენა.

– ხშირად იხსენებთ იმ ნახევარფინალს?

„ამაზე ყოველთვის ისაუბრებენ. ყოველდღე ხომ ვერ გაიტან ოთხ გოლს ექვს წუთში!”

– რა დაგრჩათ მეხსიერებაში იმ საგოლე ზვავიდან – 23-ე და 29-ე წუთებს შორის გატანილი ოთხი ბურთიდან?

„ბრაზილიელებისთვის ეს შოკი იყო. ყოველი გოლის შემდეგ ისინი საკუთარ თავს ეკითხებოდნენ: „კიდევ რა მოხდა? რა წავიდა არასწორად?“ ჩვენ კი ისევ ვართმევდით ბურთს და ისევ გაგვქონდა გოლი.

მათ სულის მოთქმის დრო არ ჰქონდათ. ყველაფერი იმდენად სწრაფად მოხდა, რომ მხოლოდ მოგვიანებით გავიგეთ, რომ ექვს წუთში ოთხი გოლი გავიტანეთ. მე მეგონა, რომ ბევრად, ბევრად მეტი დრო გავიდა”.

– მაშინვე იგრძენით, რომ თქვენი გუნდი მატჩს აკონტროლებდა?

„დიახ. ჩვენ ზუსტად ისე ვმოძრაობდით, როგორც საჭირო იყო: ვაპრესინგებდით შეტევაში, მოედნის ცენტრში, ვმუშაობდით დაცვაში, მეტოქეს სივრცეს არ ვაძლევდით. როცა ჩვენს გუნდს ბურთის გარეშე ასე მუშაობა შეუძლია, როცა ყველა მზადაა სხვისთვის ირბინოს, ეს ფანტასტიკური გუნდია, რომელსაც ნებისმიერის დამარცხება შეუძლია.

ჩემთვის სწორედ ასეთია თანამედროვე ფეხბურთი – არა ეგოისტური, არამედ გუნდურ მუშაობაზე დაფუძნებული. ასეთ პირობებში ვიცოდი, რომ გოლები მხოლოდ დროის ამბავი იყო”.

– პირველი გოლი კი კუთხურის შემდეგ გავიდა.

„ჩვენ ძალიან კარგად ვმუშაობდით სტანდარტულებზე. საჯარიმოებზეც და კუთხურებზეც უამრავი სხვადასხვა კომბინაცია გვქონდა, არაპროგნოზირებადები ვიყავით”.

– მოთამაშეებს შორის ხომ არ ყოფილა საუბარი იმაზე, რომ რაღაც მომენტში ტემპი დაგეგდოთ?

„მახსოვს, რომ 3:0 ანგარიშის დროს ერთმანეთს ვუთხარით, რომ სერიოზულად თამაში უნდა გაგვეგრძელებინა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. არავინ იწყებს ბურთის ფეხებშუა გატარებას, გასართობად ბურთის გორებას ან მეტოქის დაცინვას.

როცა გეჩვენება, რომ ყველაფერი თავისთავად გამოგდის, იწყებ ისეთი რაღაცების კეთებას, რასაც სხვა სიტუაციაში არასდროს გაბედავდი. ჩვენი გუნდი ასეთი არ არის. შესვენებაზე, როცა ანგარიში 5:0 იყო, არანაირი ეიფორია არ ყოფილა. ველოდით, რომ მეორე ტაიმში ბრაზილიელები მოუმატებდნენ, რადგან საკუთარი გულშემატკივრების წინაშე ასე თამაშის გაგრძელება არ შეეძლოთ.

მაგრამ ისიც ვიცოდით, რომ შეგვეძლო მათთვის ისევ შეგვექმნა პრობლემები ყოველ ჯერზე, როცა ბურთს მივიღებდით”, - განაცხადა კლოზემ, რომელიც ამჟამად ლუკა ლოჩოშვილის „ნიურნბერგის“ მთავარი მწვრთნელია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები