მანკიერი პრაქტიკა და ახალწვეულები იდენტური პრობლემით | იბერია ჩემპიონთა ლიგის წინ
Aa
Aa

მანკიერი პრაქტიკა და ახალწვეულები იდენტური პრობლემით | იბერია ჩემპიონთა ლიგის წინ

საფეხბურთო კლუბმა იბერიამ 24 წლის უკრაინელი ნახევარმცველი ელდარ კულიევი დაიმატა, რომელსაც ასაკობრივ ნაკრებებში თამაშის გამოცდილება აქვს, აზერბაიჯანის 16-წლამდე, უკრაინის 21 და 23-წლამდე ნაკრებებში უთამაშია. 2020-22 წლებში უკრაინის უმაღლეს ლიგაში მარიუპოლისა და მინაის შემადგენლობაში 37 მატჩში 1 გოლი გაიტანა. ბოლო 4 სეზონი აზერბაიჯანულ ზირაში გაატარა, 94 მატჩში 2 გოლი შეაგდო და 6 საგოლე პასი შეასრულა, თუმცა ბოლო სეზონში მეტწილად სათადარიგოთა სკამზე იჯდა, მხოლოდ შვიდ მატჩში მიიღო მონაწილეობა, 153 წუთი ითამაშა.

თუ საქართველოს ჩემპიონატის დონეს გავითვალისწინებთ, კულიევი ნამდვილად გამოცდილი ფეხბურთელია, თუმცა ბოლო სეზონში აზერბაიჯანულ ზირაში სათამაშო პრაქტიკის დიდი პრობლემა ჰქონდა, როგორც გითხარით 2025-26 წლების სეზონში მხოლოდ 153 წუთი ითამაშა. აქედან გამომდინარე ცხადია, რომ საუკეთესო ფორმაში ვერ იქნება და მასთან მიმართებაშიც ანალოგიური პრობლემა იქნება, როგორიც იბერიას კიდევ ერთ ახალწვეულს, ბრაზილიელ ცენტრალურ მცველს, ანდრეი სანტოსს აქვს.სანტოსი 1,93 მ. სიმაღლისაა, მემარჯვენეა, გასული სეზონი აზერბაიჯანულ საბაჰში გაატარა და მისი გუნდი ყარაბაღთან კონკურენციაში ქვეყნის ჩემპიონი გახდა, თუმცა ანდრეის მცირე სათამაშო დრო ჰქონდა, ჩემპიონატის ექვს და კონფერენს ლიგის ორ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, საერთო ჯამში მხოლოდ 311 წუთი ითამაშა. საბაჰში სათამაშო პრაქტიკის პრობლემა ჰქონდა.

ბრაზილიელს Onside Football Agency წარმოადგენს. აღნიშნული სააგენტოს განცხადებაშია აღნიშნულია, რომ ფეხბურთელი იბერიაში იჯარით ითამაშებს.

სამწუხაროდ, ქართულ კლუბებში დამკვიდრებული მანკიერი პრაქტიკა, ევროტურნირების დაწყებამდე მცირე ხნით ადრე ლეგიონერების დამატება, გრძელდება, რასაც ის ფაქტიც ემატება, რომ იბერიას გუგა ნერგაძე აღარ წვრთნის, ანდრეი დემჩენკომ შეცვალა, არადა ნერგაძის ხელმძღვანელობით გუნდი გაჩემპიონდა და მიმდინარე სეზონში პირველ ადგილზე იყო, თუმცა როგორც ნერგაძემ აღნიშნა, კლუბის გადაწყვეტილებით გუნდიდან გაუშვეს.

გუნდის შენება, ახალი ტაქტიკის ათვისება, ურთიერთობების დალაგება თუ მწვრთნელის იდეების ფეხბურთელებამდე გადატანა დიდ დროს მოითხოვს. ჩემპიონთა ლიგის დაწყებამდე, ასეთ მცირე დროში ფორსირებული მომზადება წარმოუდგენლად რთულია. წინა წლების მწარე გამოცდილებაც მოწმობს, რომ ევროტურნირების წინ მსგავსი რადიკალური ნაბიჯები მეტწილად კონტრპროდუქტიულია.

გუგა ნერგაძემ Instagram-ში პოსტი დაწერა და აღნიშნა, რომ მათი თანამშრომლობა კლუბის გადაწყვეტილებით დასრულდა: „კლუბის გადაწყვეტილებით დასრულდა ჩემსა და იბერია 1999-ს შორის თანამშრომლობა. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი ეტაპი ჩემს კარიერაში. მადლობა ყველას ნდობისა და მხარდაჭერისთვის!''.

ნერგაძემ პოსტში ასევე აღნიშნა, რომ გუნდი ჩემპიონი გახდა, თასის ფინალში ითამაშა, ამ სეზონში პირველ ადგილზე იყო და ბოლო 10 მატჩიდან 9 გამარჯვება ჰქონდა.

ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე იბერიას მეტოქე ესტონური ფლორაა, პირველი შეხვედრები 7/8 ივლისს გაიმართება, საპასუხო - 14/15 ივლისს. ქართული კლუბი პირველ მატჩს სტუმრად გამართავს. ამ ბარიერის დაძლევის შემთხვევაში ანდრეი დემჩენკოს გაწვრთნილი გუნდის მეტოქე იაია ტურეს ბრატისლავის სლოვანი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ისრაელიდან საქართველოში | დინამო ბათუმმა 26 წლის ნახევარმცველი დაიმატა
ისრაელიდან საქართველოში | დინამო ბათუმმა 26 წლის ნახევარმცველი დაიმატა