ხვიჩა კვარაცხელია, საბა გოგლიჩიძე, ნიკა სანდოხაძე
Aa
Aa

„ტაილანდშიც ყველა კვარაზე მესაუბრებოდა“ - სანდოხაძე გოგლიჩიძეს გრანდში ხედავს

ქართულ საფეხბურთო წრეებში ნიკა სანდოხაძე უცნობი ფიგურა არავისთვის არის - დაცვის ცენტრალურ ხაზში სტაბილური და საიმედო ასპარეზობით მას Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის არაერთ გუნდში გამოუჩენია თავი, რის გამოც ნამდვილად უცნაურია ის ფაქტი, რომ ამჟამად თავისუფალი აგენტის სტატუსით მყოფი 32 წლის ფეხბურთელით საქართველოს არც ერთი კლუბი არ ინტერესდება. ნიკა ბოლოს ტაილანდის ჩემპიონატში თამაშობდა, თუმცა იქიდან წამოვიდა და ამჟამად წინადადებების განხილვის პროცესშია. Crystalsport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში სანდოხაძემ საკუთარი კარიერის გარდა, ხვიჩა კვარაცხელიაზე, საბა გოგლიჩიძეზე, მოახლოებული ევროტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპსა და ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე საინტერესოდ ისაუბრა.

ნიკა სანდოხაძე

ტაილანდის „პატუმ იუნაიტედთან“ კონტრაქტი დამიმთავრდა და ამჟამად თავისუფალი აგენტი ვარ. დარჩენა შემომთავაზეს, მაგრამ არ დავთანხმდი და ახლა ჩემს აგენტს ველოდები, რომელთან ერთადაც წინადადებს განვიხილავ. ძირითადად აზიურ კლუბებზეა ისევ საუბარი და ჩინეთთან ერთად, ვარიანტებია სამხრეთ კორეიდან და საუდის არაბეთიდან. სიმართლე გითხრათ საქართველოს კლუბებიდან არავის არ მოუკლავს თავი და არავინ დაინტერესებულა, რაც მე პირადად არ გამკვირვებია.

რაც შეეხება მოახლოებულ ევროტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპს, ჩემი აზრით ძალიან კარგი შანსები გვაქვს იქიდან გამომდინარე რა ქვეყნის წარმომადგენლებიც შეგვხვდნენ. ერთადერთი ქუთაისის „ტორპედო“ დაუპირისპირდება შედარებით ძლიერ კლუბს, თუმცა არც აზერბაიჯანის „ზირა“ მგონია გადაულახავი ბარიერი. საერთო ჯამში, დიდი ხანია კენჭისყრის თვალსაზრისით ასე არ გაგვმართლებია და იმედი მაქვს, რომ Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის კლუბებისთვის წლევანდელი ევროსარბიელი პოზიტიურად დასრულდება.

რატომ ვერ გავდივართ ევროტურნირებზე? კლუბების მენეჯმენტში ბუნებრივია არის გარკვეული პრობლემები, არის პრობლემები ფინანსური კუთხითაც და ამას გვერდს ვერ ავუვლით, რადგან თუ მატერიალურად მყარად არ არის კლუბი, სწორედ აქედან იწყება პრობლემები. ამ პრობლემების ფონზე კი, საბოლოო ჯამში მივდივართ იქამდე, რომ სანატრელი გვაქვს ევროპულ საკლუბო ტურნირებზე მოხვედრა. ვისურვებდი, რომ ყველა ქართული კლუბი გაძლიერებულიყოს შესაბამისი ლეგიონერებით და არა ჩამოწერილი ფეხბურთელებით. მესმის, რომ რთულია საქართველოში მათი ჩამოყვანა, მაგრამ ყოფილა შემთხვევები, რომ ძლიერი უცხოელი ფეხბურთელი აქ ჩამოსულა, რაზეც ჯოვინო ფლამარიონისა და ბიორნ იონსენის მაგალითებიც კარგად მეტყველებს.

ძლიერი ლეგიონერების ჩამოყვანის პარალელურად, აუცილებელია ძლიერი ქართველი ფეხბურთელების შენარჩუნებაც. შეიძლება სიტყვაზე ვამბობ, ანდრეა ბართიშვილის დონის ტალანტი საქართველოში არ უნდა შეაყოვნო და ვერც შეაყოვნებ, რადგან რასაც ვკითხულობ „არსენალს“ და სხვა გრანდებსაც სურთ. თუმცა, მის გარდა არიან სხვა კარგი ქართველი მოთამაშეები, რომლებიც საფეხბურთო ქვეყნებში არ მიდიან და სამშობლოში გაჩერება მხოლოდ იმის გამო არ უნდათ, რომ სხვაგან მეტ ხელფასს სთავაზობენ. თუ მოხერხდება ისე, რომ ჩვენმა კლუბებმა ასეთ მოთამაშეებს სათანადო პირობები შეუქმნან, მაშინ ევროტურნირის ჯგუფში მოხვედრაც შესაძლებელი გახდება.

ქართულ გუნდებზე როდესაც მიდის საუბარი, „ტორპედო“ ერთადერთი კლუბია, რომლის თამაშებსაც ყოველთვის ვუყურებ, ვგულშემატკივრობ და მუდამ გამიხარდება ქუთაისელთა წარმატება. ევროტურნირების წინ დირკ შუსტერის გაშვება არა მგონია სწორი გადაწყვეტილება იყოს. ახლა ერთადერთს ალბათ რასაც ვისურვებდი, რომ „ტორპედო“ კიდევ რამდენიმე კვალიფიციური ფეხბურთელით გაძლიერდეს.

მე შეიძლება საბა გოგლიჩიძეზე საუბარი როდესაც მიწევს, სუბიექტური ვიყო და შეიძლება ბევრი არ დამეთანხმოს, მაგრამ მე როგორც მესმის ფეხბურთი, როგორც ვფიქრობ და ფეხბურთელს როგორც აღვიქვამ, სულ მაგას ვამბობ, რომ ისეთი მონაცემებისა და ყველანაირი ნიჭით დაჯილდოებული ცენტრალური მცველი, როგორიც საბაა, ბევრი არ მინახავს. თუ განვითარდება და თუ განაგრძობს საკუთარ თავზე მუშაობას, მას აქვს იმის პოტენციალი, რომ ითამაშოს უდიდეს დონეზე და გრანდებში ითამაშოს, როგორ დონეზეც ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მამარდაშვილი ასპარეზობენ.

ხვიჩა კვარაცხელიას შესაფასებლად სიტყვები არ მყოფნის - მთელი ერი გაახარა და მთელი ერი ამაყობს ფეხბურთელით, ეგეთ რაღაცას მე ვერ წარმოვიდგენდი. მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში, სადაც არ უნდა წახვიდე, წარმოიდგინეთ, ტაილანდში ვთამაშობდი, რომელიც არასაფეხბურთო ქვეყანაა და იქაც ყველამ იცის კვარაცხელიას გვარი, ვერ ამბობენ, უჭირთ გამოთქმა, მაგრამ ყველა ცდილობს, რომ თქვას. რა ვიცი, ამაზე დიდი ბედნიერება რა უნდა იყოს? ხვიჩა, მთელი ქვეყანა შენით ამაყობს და ვფიქრობ, რომ ეგ არის ზუსტად „ოქროს ბურთიც“ და ეგ არის ყველაფერი.

რაც შეეხება უშუალოდ „ოქროს ბურთს“, თუ ინდივიდუალიზმით ფასდება ამ ჯილდოს მფლობელი, ვფიქრობ რომ დღესდღეობით კვარა საუკეთესოა და არ ვიცი, მესიმ თუ ასე გააგრძელა და კიდევ მოიგო მსოფლიოს ჩემპიონატი, მესი თუ მოუგებს „ოქროს ბურთისთვის“ ბრძოლას, მგონი არავის არ ეწყინება და შეიძლება თავად ხვიჩასაც არ ეწყინოს (იცინის), მაგრამ დიდი იმედი მაქვს კვარა მოიგებს და ლეო დაიღლება ამდენი „ოქროს ბურთებით“, რადგან ისედაც ბევრი აქვს.

მსოფლიოს ჩემპიონატის ფავორიტი საფრანგეთი იქნება, ძალიან დამაჯერებლად ითამაშა და ძლიერი შემადგენლობა ჰყავს. მე მინდა, რომ ფავორიტი იყოს და ალბათ არის კიდეც არგენტინა, რადგან ამ ნაკრებს ბავშვობიდან ვგულშემატკივრობ. ასევე ესპანეთიც თავის სიტყვას იტყვის სრული შემადგენლობით როდესაც ითამაშებს.

ცნობისათვის, ნიკოლოზ სანდოხაძის ყოფილი კლუბი „ტორპედო“ უეფას კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე აზერბაიჯანის „ზირას“ შეხვდება, თბილისის „დინამოს“ მეტოქე ლუქსემბურგის „მონდორფი“ იქნება, ხოლო გორის „დილა“ სან მარინოს „ვირტუსს“ დაუპირისპირდება. რაც შეეხება Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის ბოლო ორი სეზონის ჩემპიონს, „იბერია“ ესტონეთის „ფლორასთან“ ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ლივერპულმა კვარაცხელია უნდა იყიდოს!“ - ჯეიმსმა და ჰესკიმ ხვიჩაზე ისაუბრეს
„ლივერპულმა კვარაცხელია უნდა იყიდოს!“ - ჯეიმსმა და ჰესკიმ ხვიჩაზე ისაუბრეს