მონდორფთან დინამო მესხზე ითამაშებს - მიზეზი ცნობილია
თბილისის „დინამო“ უეფას კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საშინაო შეხვედრას ლუქსემბურგის „მონდორფთან“ „დინამო არენაზე“ ვერ ჩაატარებს. როგორც კლუბის პრეს-სამსახურმა Crystalsport-თან საუბარში განაცხადა, ბორის პაიჭაძის სახელობის არენაზე მიმდინარეობს მინდვრის საფარის გამოცვლა, რის გამოც ჩვენი ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი 16 ივლისს ლუქსემბურგელებს „მიხეილ მესხის“ სტადიონზე უმასპინძლებს.
ბუნებრივია, ჩნდება შეკითხვები, რატომ დაიგეგმა მაინცდამაინც ზაფხულში, როდესაც „დინამო თბილისს“ ევროტურნირებზე აქვს სათამაშო, მსგავსი სახის სამუშაოების ჩატარება. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ სექტემბერში საქართველოს ნაკრები ერთა ლიგას იწყებს, ალბათ უპრიანი იქნება თუ საფარი სწორედ სანაკრებო თამაშებისთვის იქნება მზად, რადგან ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდის წარმატებას ბევრი მაყურებელი მეტწილად განსაზღვრავს.
შეგახსენებთ, რომ „მონდორფის“ ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, „დინამო თბილისი“ უეფას კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მონტენეგროს „პეტროვაცსა“ და ლიეტუვის „ჟალგირისს“ შორის გამარჯვებულს შეხვდება და მოესწრება თუ არა მოედნის საფარის მოწესრიგება მეორე საკვალიფიკაციო ეტაპისთვის, ჯერჯერობით ცნობილი არ არის.