დღეს საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრაა - რა ელით ქართულ გუნდებს
დღეს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე UEFA-ს შტაბბინაში ჩემპიონთა ლიგის, ევროპა ლიგისა და კონფერენს ლიგის შესარჩევი ციკლის პირველი ეტაპის წილისყრა გაიმართება, სადაც ქართული გუნდების მეტოქეები გაირკვევა.
თავდაპირველად, კენჭისყრა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩატარდება, რომელშიც მონაწილეობას იბერია 1999 იღებს. საქართველოს მოქმედი ჩემპიონი პირველ ჯგუფში განუთესავ გუნდებს შორისაა, სავარაუდო მეტოქეები კი ამავე ჯგუფში მოხვედრილი განთესილი კლუბები - ირლანდიის შემროკ როვერსი, ფინეთის კუპს კუოპიო, გიბრალტარის ლინკოლნ რედ იმპსი, ლატვიის რიგა, ესტონეთის ტალინის ფლორა, ჩრდილოეთ ირლანდიის ლარნი და უელსის ნიუ სეინტსი.
რაც შეეხება კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპს, როგორც ცნობილია, ტურნირზე მოსახვედრად თბილისის დინამო, ქუთაისის ტორპედო და გორის დილა იბრძოლებენ, სავარაუდო მეტოქეები კი ასეთია:
ტორპედო - მილსამი (მოლდოვა), ჟალგირისი (ლიეტუვა), ზირა (აზერბაიჯანი), ალაშკერტი (სომხეთი), ბატე ბორისოვი (ბელარუსი)
დილა - სილექსი (ჩრდილოეთ მაკედონია), დინამო სიტი (ალბანეთი), ვირტუსი (სან-მარინო), მორნარი (მონტენეგრო), მარსაშლოკი (მალტა)
დინამო - ლიეპაია (ლატვია), კონაჰს ქუეი ნომადსი (უელსი), ინტერ ტურკუ (ფინეთი), მონდორფ-ლე-ბენი (ლუქსემბურგი), ჰეგელმანი (ლიეტუვა)
ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა საქართველოს დროით 18:00 საათზე დაიწყება, კონფერენს ლიგის წილისყრა კი 20:00 საათიდან.
რაც შეეხება შეხვედრებს, ჩემპიონთა ლიგის პირველი წრის მატჩები 7/8 ივლისს, საპასუხო შეხვედრები კი 14/15 ივლისს გაიმართება. კონფერენს ლიგის თამაშები კი 9 და 16 ივლისს ჩატარდება. შეხვედრების დადასტურებული თარიღები და დაწყების დრო წილისყრის შემდეგ გამოცხადდება.