ისრაელიდან საქართველოში | დინამო ბათუმმა 26 წლის ნახევარმცველი დაიმატა
„დინამო ბათუმმა“ ისრაელელი საყრდენი ნახევარმცველი დაიმატა. აჭარულმა კლუბმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა და გვაუწყა, რომ ავაკა ეშატასთან 2028 წლის ბოლომდე გათვლილი ხელშეკრულება გააფორმა.
„საფეხბურთო კლუბი დინამო ბათუმი მოხარულია გაცნობოთ, რომ ისრაელელი საყრდენი ნახევარმცველი, ავაკა ეშატა, კარიერას ჩვენს კლუბში განაგრძობს. ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება სამშობლოში გაიარა, რის შემდეგაც დინამოსთან ხელშეკრულება 2028 წლის ბოლომდე გააფორმა,“ — ნათქვამია განცხადებაში.
„ბედნიერი ვარ დინამოში გადმოსვლით, ეს ჩემთვის ახალი გამოწვევაა. პირველად ვითამაშებ ისრაელის საზღვრებს გარეთ და ვფიქრობ, წინ საინტერესო თავგადასავალი გველის,“ — აღნიშნა ფეხბურთელმა.
ეშატა 26 წლისაა. ის იერუსალიმის „ჰაპოელის“ აღზრდილია და მთელი პროფესიული კარიერა სწორედ ამ კლუბში გაატარა. პირველ გუნდში მისი დებიუტი 2016 წელს შედგა. მას შემდეგ ავაკამ „ჰაპოელის“ მაისურით 229 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 10 გოლი გაიტანა და 6 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. იგი გუნდის კაპიტანი გახლდათ და ისრაელის ჩემპიონატში არაერთი გამორჩეული მატჩი აქვს ჩატარებული.
ფეხბურთელი უკვე შეუერთდა გუნდს და დღეს „დინამოსთან“ ერთად პირველ ვარჯიშს ჩაატარებს. 22 ივნისს კი, როდესაც საქართველოში სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნება, კლუბი ტრანსფერს ოფიციალურად დაარეგისტრირებს, რის შემდეგაც მას ოფიციალურ მატჩებში თამაშის უფლება მიეცემა.