40 წლის ბერძენი სპეციალისტი | დილას ახალი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია
გორის „დილას“ ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია. კლუბმა ოფიციალური განცხადებით დაადასტურა, რომ გუნდი 40 წლის სპეციალისტმა, დიამანტის ვავალისმა ჩაიბარა.
„„დილას“ 40 წლის ბერძენი სპეციალისტი, დიამანტის ვავალისი გაწვრთნის. ახალგაზრდა სპეციალისტს მთავარი მწვრთნელის რანგში ნამუშევარი აქვს ყაზახურ „ჟენისსა“ და ბულგარეთის უმაღლესი ლიგის კლუბ „მონტანაში“. მთავარ მწვრთნელად დანიშვნამდე კი იგი ასისტენტად მუშაობდა საბერძნეთის მთავარ ლიგაში, ისეთ კლუბებში, როგორებიცაა: „ლამია“, „პანსერაიკოსი“, „ატრომიტოსი“, „არისი“ და „ასტერასი“.
ახალი მთავარი მწვრთნელი კლუბში სამწვრთნელო პროცესს „რუსთავთან“ მე-19 ტურის მატჩის შემდეგ შეუდგება. გუნდში მას ქართველი ასისტენტი, ლუკა ხომასურიძე ეყოლება. მოხარულები ვართ ჩვენს კლუბში მათი მოსვლით და წარმატებებს ვუსურვებთ“, — ნათქვამია „დილას“ განცხადებაში.
ცნობისთვის, გორელები „Crystalbet ეროვნული ლიგის“ სატურნირო ცხრილში მეშვიდე პოზიციას იკავებენ. მათ ანგარიშზე 23 ქულაა. „დილა“ კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზურის მოსაპოვებლადაც იბრძვის და საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ რაუნდში სან-მარინოს წარმომადგენელ „ვირტუსს“ შეხვდება.