ორი გაძევება, ორი პენალტი და გამარჯვება ბოლო წამებზე | იბერია 1999-მა დილას მოუგო
„Crystalbet ეროვნულ ლიგაში“ მეოცე ტურის გადადებული შეხვედრა გაიმართა — „იბერია 1999“ „დილას“ დაუპირისპირდა. მატჩი უაღრესად დრამატული გამოდგა და მოქმედმა ჩემპიონმა მნიშვნელოვანი 3 ქულა ბოლო წამებზე აიღო.
პირველი ტაიმი გატანილი გოლის გარეშე დასრულდა, მეორე ნახევრის 58-ე წუთზე კი სტუმრები, „დილას“ ფეხბურთელები, მოედანზე 10 კაცით დარჩნენ. მთავარმა არბიტრმა, აკაკი ფარჯიკიამ ჟოაო არაუჟოს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და „იბერია 1999“-მა რიცხობრივი უპირატესობა მიიღო.
თბილისურმა კლუბმა ანგარიში 63-ე წუთზე გახსნა. „დილას“ კარის მიმართულებით თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც ნიკოლოზ დადიანმა ზუსტად გამოიყენა და საკუთარი გუნდი დააწინაურა.
მოედანზე რიცხობრივ უმცირესობაში მყოფმა „დილამ“ ბოლომდე იბრძოლა და 82-ე წუთზე წონასწორობა აღადგინა. მამინ სანიანგის ჩაწოდების შემდეგ მუჰამედ დიუფმა თავით ითამაშა და „იბერია 1999“-ის კარი აიღო — 1:1.
„დილა“ ქულის მოპოვებასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა მსაჯის მიერ დამატებულ ბოლო, მე-6 წუთზე გორელთა კარის მიმართულებით მორიგი პენალტი დაინიშნა, მსაჯთან კამათის გამო კი სანიანგი მოედნიდან გააძევეს. თერთმეტმეტრიანი გიორგი ჯინჯოლავამ გამოიყენა და „იბერია 1999“-მა 2:1 გაიმარჯვა.
ცნობისთვის, მოქმედ ჩემპიონს 43 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციას იკავებს. „იბერია 1999“ „დინამო ბათუმს“ 1 ქულით, ხოლო „რუსთავს“ 3 ქულით ჩამორჩება. თბილისურ კლუბს ლიდერებზე ერთით ნაკლები შეხვედრა აქვს ჩატარებული.