ერთი მოგება ბოლო ოთხ მატჩში - ალონსოს ჩელსიში რაღაც მოიშალა
ჩაბი ალონსოს მომზადებული „ჩელსი“ ინგლისის საფეხბურთო ჩემპიონატის მე-5 ტურში სტუმრად „ბრენტფორდთან“ 0:3 განადგურდა და 3-მატჩიანი მოუგებელი სერია დაუგროვდა. მთლიანობაში უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო ოთხი თამაშიდან „არისტოკრატებმა“ მხოლოდ ერთი მოიგეს და ისიც ინგლისის ლიგის თასზე „ლიდსთან“ (6:3), ხოლო ბრენტფორდელებთან მძიმე წაგებამდე ჯერ „ჰალთან“ (2:2) დაკარგეს ქულები, ხოლო მანამდე „არსენალთან“ დამარცხდნენ. არადა, ამ დანავსული სერიის დაწყებამდე, ლონდონელებს ზედიზედ სამი გამარჯვება ჰქონდათ. რა მოიშალა გუნდში და როგორ აპირებს მდგომარეობის გამოსწორებას, ამაზე „ლურჯების“ ესპანელმა დამრიგებელმა ისაუბრა.
ჩაბი ალონსო
საშინლად იმედგაცრუებული ვარ, განსაკუთრებით შედეგით. საწყისი 45 წუთი ნორმალურად გამოვიყურებოდით, თუმცა შესვენების შემდეგ საკუთარ თავს არ ვგავდით და სამი გოლი მივიღეთ. სტანდარტულების დროს უკეთ უნდა დავიცვათ თავი და საკუთარ საჯარიმოში მოქმედებისას მეტი დისციპლინა უნდა გამოვიჩინოთ. ორთაბრძოლების მოგება გვიჭირს, რაც მეტოქის წისქვილზე ასხამს წყალს და სამოქმედოდ მეტ სივრცეს ვუტოვებთ. არის ბევრი დეტალი, რაზეც სამუშაო გვაქვს და იმედია მომდევნო ტურებში პროგრესი გვექნება.
ცნობისათვის, 2026 წელს „ჩელსიმ“ პრემიერლიგაში ყველაზე მეტი 43 გოლი გაუშვა. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ინგლისის ჩემპიონატში „არისტოკრატები“ საკუთარი კარის მშრალად შენახვას ზედიზედ 22 ტურია ვერ ახერხებენ - ბოლოს მათ ამის გაკეთება 17 იანვარს, იმავე „ბრენტფორდთან“ (2:0) მოგებულ მატჩში შეძლეს.