„ძმასავით მიმიღეს“ - ქოჩორაშვილი სპორტინგში იდეალურად ადაპტირდა
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა, გიორგი ქოჩორაშვილმა, რომელიც ცოტა ხნის წინ ლისაბონის „სპორტინგში“ გადავიდა, Jornal Sporting-ს ინტერვიუ მისცა.
როგორც ქართველმა ფეხბურთელმა თქვა, ახალ გუნდთან იდეალურად ადაპტირდა.
„სპორტინგმა“ ქოჩორაშვილი 5,5 მილიონ ევროდ შეიძინა (პლუს 2 მილიონი ბონუსების სახით). გიორგიმ ლისაბონურ კლუბთან კონტრაქტი 2030 წლის ივნისის ბოლომდე გააფორმა და მისი გამოსასყიდი თანხა 80 მილიონი ევროა.
გიორგი ქოჩორაშვილი:
„ყოველთვის ვოცნებობდი ისეთ დიდ კლუბში თამაშზე, რომელიც სულ მოსაგებად იბრძვის. ყოველთვის გამარჯვებულის მენტალიტეტი მქონდა და გასულ წელს დასახული მიზნის მიღწევა შევძელით, მაგრამ აქამდე, კლუბები, რომლებშიც მითამაშია, ბევრს ვწუხდი იმის გამო, რომ არ შემეძლო ასეთი ვყოფილიყავი. ამიტომაც ასეთ რეალობაში მოხვედრა ჩემი მიზანი იყო. მინდა ასეთ ფილოსოფიას შევეჩვიო: თამაშისა და ტიტულის მოგების შემდეგ, მაშინვე ახალი თამაშის მოგებაზე ფიქრი. ეს მენტალიტეტი აღმაფრთოვანებს“.
„არა მხოლოდ პერსონალი, მთელი კლუბი, მწვრთნელი არაჩვეულებრივია. ჩემთვის ყველაზე მთავარი ყოველთვის ადამიანები არიან. მჯერა, რომ ერთმანეთს ძალიან კარგად ვუგებთ. გამიმართლა, რომ აქ მოვხვდი და ასეთი ფანტასტიკური ადამიანები არიან ირგვლივ. ასე მგონია, 2-4 წელია აქ ვარ. ძალიან გამიმარტივეს ადაპტაცია. ძმასავით მიმიღეს“.
მომდევნო შეხვედრას „სპორტინგი“ 31 ივლისს, პორტუგალიის სუპერთასზე გამართავს და „ბენფიკას“ დაუპირისპირდა. ქოჩორამ ამ მატჩზეც ილაპარაკა:
„ვგრძნობ, რომ გასახდელი ძალიან მშვიდი და თავდაჯერებულია. და ეს მეც იგივე სიმშვიდეს და თავდაჯერებულობას მანიჭებს. ვიცით, რომ ეს დიდი თამაშია, როდესაც ჩვენი ქალაქის გუნდს ხვდები. იმედი მაქვს, ამ მომენტით დიდ სიამოვნებას მივიღებ და, რა თქმა უნდა, როდესაც იმარჯვებ, სიამოვნება ორმაგდება. მჯერა, რომ მზად ვართ და მანამდე კიდევ უფრო მოვემზადებით“.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ქოჩორაშვილმა „სპორტინგის“ მაისურით პირველი შეხვედრა 19 ივლისს ჩაატარა. ლისაბონური კლუბი ამხანაგურ მატჩში „სელტიკს“ დაუპირისპირდა და ქართველ ნახევარმცველს სათამაშო დრო სწორედ შოტლანდიური კლუბის წინააღმდეგ მიეცა.
ქოჩორაშვილი მოედანზე 59-ე წუთზე გამოჩნდა, როდესაც მისი გუნდი 0:1-ს აგებდა. „სპორტინგმა“ თამაში ვერ გადაარჩინა და 0:2 წააგო.