„დროა გაიღვიძოს - ერთ დღეს ზიდანი მას ეტყვის...“ - დიუგარი მბაპეზე
საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონმა კრისტოფ დიუგარიმ კილიან მბაპეს შესახებ მკვეთრი განცხადება გააკეთა.
დიუგარი ხისტი და პირდაპირი შეფასებებით გამოირჩევა და გამონაკლისი არც ახლა ყოფილა.
„მბაპეს გაღვიძების დროა. ის ბევრს იტანს, აქ პრობლემა არ არის, მაგრამ ის ტიტულებს ვეღარ იგებს. „რეალთან“ ერთად ის ვერაფერს იგებს. ვერც საფრანგეთის ნაკრებთან ერთად.
რაღაც მომენტში მას ტურნირების მოგების დაწყება მოუწევს. ზიზუც მბაპეს დაახლოებით იმავეს ეტყვის: „გინდა, რომ ვიმარჯვებდეთ, თუ უბრალოდ შენი გოლების გატანა და თავის მოწონება გსურს?“ - რაღაც მომენტში საკითხი სწორედ ასე დადგება. ჩვენ უკვე რამდენიმე წელია ვერაფერს ვიგებთ“,
- თქვა დიუგარიმ RMC-ის ეთერში.
მბაპემ კარიერაში ბოლო ტიტული 2024 წელს მოიგო. პსჟ-სთან ერთად ლიგა 1-ის გამარჯვებული გახდა. რამდენიმე თვეში „რეალში“ გადავიდა და უეფას სუპერ თასი მოიგო, თუმცა კილიანს იმ მომენტისთვის ჯერ გუნდში ადაპტაციაც კი არ ჰქონდა სრულად გავლილი. მისი „სამეფო კლუბში“ გადასვლის შემდეგ, მადრიდელები ყველა დიდ ტურნირზე მარცხდებიან.
რაც შეეხება საფრანგეთის ნაკრებს, „მამლების“ ბოლო მიღწევა 2022 წელს მუნდიალის ვერცხლის მედლებია.