ხვიჩა კვარაცხელია, ვილი სანიოლი, ოთარ მამაგეიშვილი
Aa
Aa

„გამოწვევებისთვის მზად უნდა ვიყოთ“ | ვილი სანიოლის მატჩისწინა პრესკონფერენცია

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა. „ჯვაროსნებს“ ერთა ლიგის შეხვედრები ელით და მათი პირველი მეტოქე ჩრდილოეთ ირლანდიაა. მატჩი 25 სექტემბერს გაიმართება და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

„ორშაბათიდან შეკრებას გავდივართ. გვყავს ნაკრები, რომლის ფეხბურთელებიც ბედნიერები არიან, როდესაც ერთმანეთს ხვდებიან და სურთ, მოახლოებულ შეხვედრებში კარგი თამაში აჩვენონ. ბოლო კვირები და თვეები რთული იყო, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვან ფეხბურთელებს ტრავმები ჰქონდათ. მაგალითად, ოთარ კიტეიშვილი და გიორგი ჩაკვეტაძე, რომელსაც დიდი ხანი არ უთამაშია. ასევე ოთარ კაკაბაძე, რომელიც გრძელი პაუზის შემდეგ დაბრუნდა. ისინი ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელები არიან და ერთა ლიგისთვისა და ამ ოთხი შეხვედრისთვის მომზადება მარტივი არ ყოფილა, თუმცა ფეხბურთელებმა მთელი კვირის განმავლობაში ფანტასტიკური ამბიციები და თავდადება აჩვენეს. იმედი მაქვს, ხვალ ამ ყველაფერს მოედანზე გადავიტანთ და კარგად ვითამაშებთ.

რაც შეეხება ჩრდილოეთ ირლანდიას, მათ შესახებ ბევრი რამ ვიცით და ბევრ ვიდეოს ვუყურეთ. ვიცით, რა ასპექტებში შეუძლიათ პრობლემები შეგვიქმნან და ვიცით, ჩვენ იმავეს გაკეთება სად შეგვიძლია. გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენელი ნაკრებების წინააღმდეგ ასპარეზობისას იცი, როგორ ფეხბურთს უნდა ელოდო. იცი, რომ პირველ რიგში, გამოწვევებისთვის და ორთაბრძოლებისთვის უნდა იყო მზად. თუ გამოწვევებისთვის მზად არ იქნები, სახიფათო მდგომარეობაში აღმოჩნდები, თუმცა მიმაჩნია, რომ ჩემს ფეხბურთელებს, რომლებსაც უკვე ძალიან კარგად ვიცნობ, მეტოქისთვის პასუხი ექნებათ და გამოწვევებს გაუმკლავდებიან. პირველ რიგში, ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევებთან გამკლავება იქნება, შემდეგ კი ფოკუსს მოვახდენთ იმაზე, რას გავაკეთებთ, როდესაც ბურთი გვექნება და როგორ შევქმნით სიტუაციებს, რომლებიდანაც სარგებელს მივიღებთ. ახლა ამ კომპონენტზე ვმუშაობთ. ფეხბურთელებს ძალიან კარგი რეაქცია აქვთ და, როგორც აღვნიშნე, იმედია პოზიტიურ დამოკიდებულებასა და ამბიციებს მოედანზე გადაიტანენ.

კვარაცხელია და ჯორჯ ბესტი? ბევრი არაფრის თქმა შემიძლია, მაგრამ ფეხბურთს მიღმა ცხოვრების მხრივ, ის ჯორჯ ბესტზე ჩუმი და მოკრძალებულია. ორ ძალიან, ძალიან, ძალიან, ძალიან ნიჭიერ ფეხბურთელზე ვსაუბრობთ. ზოგადად, ტალანტზე საუბარი რთულია. ალბათ, კარგი კარიერა მქონდა, მაგრამ ხვიჩას ტალანტის მხოლოდ 10 პროცენტი გამაჩნდა.

„ოქროს ბურთს“ რაც შეეხება, ძველი დრო მომწონს, როდესაც ფეხბურთელები თამაშობდნენ და ელოდებოდნენ, „ოქროს ბურთს“ ვინ მოიგებდა. თუ ვერ მოიგებდნენ, იმედი გაუცრუვდებოდათ, თუ მოიგებდნენ — გაუხარდებოდათ. ბოლო კვირებში ბევრი ფეხბურთელის განცხადება ვნახე, რომლებიც ამბობდნენ: „მსოფლიოში საუკეთესო ვარ, მსოფლიოში საუკეთესო ვარ“. ხვიჩას მსგავსი არაფერი უთქვამს და ამის გამო ძალიან ვამაყობ, რომ მისი მთავარი მწვრთნელი ვარ. ის მხოლოდ ფანტასტიკური ფეხბურთელი კი არა, ფანტასტიკური ხასიათის მქონე ადამიანია, რომელიც საკუთარ თავზე წინ ყოველთვის გუნდს აყენებს. დარწმუნებული ვარ, ხვალ ამას აჩვენებს. ის ჩვენი ლიდერია და როდესაც ხვიჩა კარგად თამაშობს, ყველაფერი კარგადაა. იმედია, ხვალაც ასე იქნება.

ოთო და გიზი მამაგეიშვილები? ყველაზე მეტად მეშინოდა იმის, ერთნაირი ულვაშითა და ვარცხნილობით არ ჩამოსულიყვნენ. მადლობა ღმერთს, ერთ-ერთმა მათგანმა თმა გადაიპარსა, თუმცა სამწუხაროდ, რამდენიმე დღის შემდეგ ტრავმა მიიღო. სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა და დღეს შუადღეს ცუდი სიახლე მივიღეთ. ეს სამწუხაროა. როდესაც ფეხბურთელის თამაშებს ტელევიზორში უყურებ, ყოველთვის გინდა, რომ ის გვერდით გყავდეს, ვარჯიშებზე დააკვირდე და დაელაპარაკო. სიმართლე გითხრათ, ოთომ ჩემზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება მოახდინა და როდესაც ნაკრებს ტოვებდა, ვუთხარი: „იმედი ნუ გაგიცრუვდება, ეს ყველას შეიძლება დაემართოს. ტრავმას მოირჩენ, კლუბში ითამაშებ და ნოემბერში ნაკრებშიც დაბრუნდები“. იმედი მაქვს, ნოემბერში ოთოც და გიზიც აქ იქნებიან.

ცნობისთვის, ოთარ მამაგეიშვილი სანაკრებო პაუზაზე გუნდს ვერ დაეხმარება. მის ნაცვლად, ვილი სანიოლმა ეროვნულ გუნდში ვლადიმერ მამუჩაშვილი გამოიძახა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარა საოცარი ფეხბურთელია, მაგრამ...“ - ჩრდ. ირლანდიაში ხვიჩაზე და საქართველოს ნაკრებზე ისაუბრეს
„კვარა საოცარი ფეხბურთელია, მაგრამ...“ - ჩრდ. ირლანდიაში ხვიჩაზე და საქართველოს ნაკრებზე ისაუბრეს