ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„წინ კიდევ ბევრი მიზანი გვაქვს“ - ხვიჩამ ნაკრების კაპიტნობასა და ამბიციებზე ისაუბრა

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, ხვიჩა კვარაცხელიამ ეროვნული ნაკრების ოფიციალურ გვერდთან ინტერვიუში გუნდის მიზნებზე ისაუბრა.

ხვიჩა კვარაცხელია:

„ვფიქრობ, ნაკრებთან ერთად ბევრ წარმატებას მივაღწიე, მაგრამ, რა თქმა უნდა, წინ კიდევ ბევრი მიზანი გვაქვს. უფრო მეტი გვინდა და ვფიქრობთ, რომ კიდევ უფრო წინ წასვლა და განვითარება შეგვიძლია. ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ ეროვნულ ნაკრებში 50 თამაში ჩავატარე და იმედი მაქვს, კიდევ ბევრჯერ ვითამაშებ.

ყველამ კარგად ვიცით, თუ ვინ იყვნენ ეროვნული ნაკრების კაპიტნები ქართული ფეხბურთის ისტორიაში. მე პირადად, ამ 50 თამაშის განმავლობაში, ჯაბა კანკავასა და გურამ კაშიასთან ერთად მომიწია თამაში. მათგან ბევრი რამ ვისწავლე როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა. ძალიან ამაყი ვარ, რომ მათთან ერთად თამაშის შესაძლებლობა მქონდა. ვფიქრობ, ის გამოცდილება, რაც მათგან მივიღე, მომავალში ძალიან გამომადგება. ვეცდები, ისეთივე კარგი, ან მათთან მიახლოებული კაპიტანი ვიყო, როგორებიც ისინი იყვნენ. ეროვნული ნაკრების კაპიტნობა უდიდესი პასუხისმგებლობაა და იმედი მაქვს, რომ ამ დაკისრებულ მოვალეობას თავს კარგად გავართმევ და ერთ-ერთი საუკეთესო კაპიტანი ვიქნები.

თამაშამდე რამდენიმე დღით ადრე უკვე ვფიქრობ ხოლმე, რა შეიძლება ვუთხრა ბიჭებს მოტივაციის ასამაღლებლად. თუმცა, ამ შეკრებაზე, თუნდაც დღევანდელ ვარჯიშზე ან უბრალოდ ერთმანეთში საუბრისას, ბიჭებში იმდენად დიდ მოტივაციას ვხედავ, რომ, ალბათ, ჩემი სიტყვები საერთოდ არც სჭირდებათ. ყველამ კარგად იცის, თუ რა მნიშვნელოვანი თამაში გველის და რისი მიღწევა შეგვიძლია ამ მატჩებით.

ყველას გვახსოვს, როგორი ბედნიერი იყო საქართველო, როცა ევროპის ჩემპიონატზე გავედით და ვიასპარეზეთ. ეს ერთიანობა და სიხარული იმდენად დიდი იყო, რომ არასდროს დაგვავიწყდება. გვსურს, რომ ამ ტურნირზე კიდევ ბევრჯერ მოვხვდეთ. ის თამაშები, რომლებიც ახლა წინ გველის, სწორედ იმისთვისაა, რომ მიზნამდე მივიდეთ და ამ ყველაფრისთვის მზად ვიყოთ.

ვფიქრობ, ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ უნდა გამოვიყენოთ. ძალიან მნიშვნელოვანია, ჩამოვყალიბდეთ ისეთ ნაკრებად, რომელსაც თითქმის ყველა ევროპის ჩემპიონატზე თამაშის შესაძლებლობა ექნება. ამისი მჯერა, რადგან გუნდში საამისოდ ყველა პირობა გვაქვს. უნდა ვიყოთ წარმატებული ნაკრები და დარწმუნებული ვარ, რომ ამას აუცილებლად შევძლებთ.“

ორკვირიანი საწვრთნელი შეკრების ფარგლებში საქართველოს ნაკრები ოთხ შეხვედრას გამართავს. 25 სექტემბერს ჩვენი გუნდი ჩრდილოეთ ირლანდიას უმასპინძლებს, 28 სექტემბერს კი — უკრაინას. 2 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრები სტუმრად უნგრეთს დაუპირისპირდება, ხოლო 5 ოქტომბერს ჩრდილოეთ ირლანდიას ესტუმრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საქართველოს პროგრესი შენელდა, მაგრამ...“ - რას ამბობს უკრაინელი მწვრთნელი
„საქართველოს პროგრესი შენელდა, მაგრამ...“ - რას ამბობს უკრაინელი მწვრთნელი