„საქართველო ჩვენზე წინაა, მაგრამ აქ მოსაგებად ვართ“ | ჩრდილოეთ ირლანდიელთა კომენტარები
ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მაიკლ ონილმა და ნახევარმცველმა, აიზეკ პრაისმა მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართეს.
აიზეკ პრაისი: „ქომაგების გარეშე სტადიონზე საოცარი ატმოსფერო ვერ შეიქმნება, თუმცა ჩვენი გულშემატკივრები გვეყოლებიან და დარწმუნებული ვარ, იმდენს გააკეთებენ, რომ თამაშით სიამოვნება მივიღოთ. იმედია, ამას გამოვიყენებთ. ქომაგების ფაქტორი ყველა ფეხბურთელისთვის ინდივიდუალურია. ხვალ მოედანზე უნდა გავიდეთ, ფეხბურთზე მოვახდინოთ ყურადღება და ჩვენი თავის საუკეთესო ვერსია ვაჩვენოთ. საქართველოს ნაკრებს მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავს და ვფიქრობ, ჩვენთვის შესანიშნავი გამოცდა იქნება. მატჩის დაწყებას მოუთმენლად ველოდებით“.
მაიკლ ონილი: „მგზავრობისთვის საჭირო დრო და მანძილი პრობლემა იყო, მაგრამ ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა. ფრენას გაცილებით ნაკლები დრო დასჭირდა, ბრწყინვალე სასტუმროში ვართ და ისე ვქენით, რომ დროის სხვაობა პრობლემას არ წარმოადგენს.
ვფიქრობ, ცარიელი ტრიბუნების წინაშე თამაში მასპინძელი გუნდისთვის უფრო რთულია, ვიდრე სტუმრებისთვის. ამის გამოცდილება გვქონია და არ მგონია, ეს ჩვენთვის პრობლემა იყოს.
ხვიჩა კვარაცხელია? პირველ რიგში, საქართველოს ბევრი კარგი ფეხბურთელი და ჩვენგან განსხვავებული ნაკრები ჰყავს. ჩვენზე 4-5 წლით წინ არიან. მათი ფეხბურთელები დიდი ხანია ერთად არიან და სტაბილური შემადგენლობა ჰყავთ. საკლუბო დონეზე პროგრესი აქვთ და პირადად ჩემთვის, კვარაცხელია მსოფლიო კლასის მოთამაშეა. გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი იყო და, რა თქმა უნდა, მას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დავუთმოთ. როდესაც მსოფლიო კლასის ფეხბურთელის წინააღმდეგ თამაშობ, უნდა იცოდე, რომ მას ნებისმიერ მომენტში შეუძლია მატჩის ბედის გადაწყვეტა და მომენტების შექმნა. ეს ჩვენთვის გამოწვევაა, მაგრამ საფრანგეთისა და გერმანიის ნაკრებების წინააღმდეგ გვითამაშია — მბაპეს, ოლისესა და დემბელეს წინააღმდეგ თამაშის გამოცდილება გვაქვს. თუმცა, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი მაინც ისაა, გამოწვევას მთლიანად გუნდი როგორ გაუმკლავდება.
რა თქმა უნდა, საქართველოს ნაკრების სიღრმისეული ანალიზი ჩავატარეთ და არის ასპექტები, რომელთა გამოყენებაც შეგვიძლია. არ გეტყვით, რაზე ვსაუბრობ. ნებისმიერი სანაკრებო მატჩისას უნდა გამოიყენო ასპექტები, რომლებსაც მეტოქის სუსტ წერტილებად მოიაზრებ. თუმცა როგორც არ უნდა მოემზადო, არ იცი, მოწინააღმდეგისგან რა დაგხვდება და არ ვიცით, ვილი სანიოლი რას შემოგვთავაზებს, როდესაც თამაში დაიწყება. წარმოდგენა გვაქვს და ყველაფრისთვის დეტალურად მოვემზადეთ, თუმცა აქცენტი ჩვენს თავზე უნდა მოვახდინოთ.
ვფიქრობ, თანაბარი ჯგუფია და შანსი ყველა გუნდს აქვს. ალბათ, ფურცელზე ყველაზე ძლიერი გუნდი უნგრეთია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ყველას სჯერა, რომ კონკურენციის გაწევა შეუძლია. ჩვენ აქ ჩამოვედით რწმენით, რომ გამარჯვება შეგვიძლია, თუმცა პროგრამა მინიმუმი არწაგებაა“.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებების დაპირისპირება 25 სექტემბერს არის დანიშნული. მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.