„ეს მთავარი პრობლემა იქნება“ - ჩრდ. ირლანდიის მწვრთნელმა უკმაყოფილება ვერ დამალა
ჩრდ. ირლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მაიკლ ო’ნილმა სანაკრებო პაუზაზე გადატვირთულ გრაფიკზე ისაუბრა განაცხადა, რომ ლოგისტიკური საკითხები მისი გუნდისთვის პრობლემური იქნება. ო’ნილს მაგალითად საქართველოში 5-საათიანი ფრენა მოჰყავს და აღნიშნავს, რომ ეს ფეხბურთელების გადაღლას გამოიწვევს.
რას ამბობს ო’ონილი:
„ფეხბურთელები საკლუბო დონეზე მიჩვეულები არიან ხშირად თამაშს. ჩვენთან ბევრი EFL-ში თამაშობს. გულწრფელად რომ ვთქვა, ინგლისის საფეხბურთო ლიგაში 10 დღეში 4 მატჩის ჩატარება სავსებით ნორმალურია. ვფიქრობ, მთავარი სირთულე ლოგისტიკა, კერძოდ კი მგზავრობაა.
ვინაიდან პირველი თამაში საქართველოშია, იქამდე ფრენას დაახლოებით 5 საათი სჭირდება... საქართველოდან ჩვენი უკან დასაბრუნებელი ფრენა უფრო ხანგრძლივია, ვიდრე უნგრეთის ნაკრების მგზავრობა ჩვენს ქვეყანამდე, მიუხედავად იმისა, რომ მასპინძელი ქვეყანა ვართ. მომზადების კუთხით სწორედ ასეთი წვრილმანებია გასათვალისწინებელი.
ვფიქრობ, ზოგჯერ ერთი დამატებითი დღე ნამდვილად გამოგადგებოდა და ამ სიტუაციაში ეს ძალიან დაგვეხმარებოდა. არ ვიცი, მაგრამ როცა გარკვეულ, დიდ მანძილზე გიწევს ფრენა, მსგავს სიტუაციაში დამატებითი დღე შეიძლება მოგცენ.
ჩვენ არ ვადგენთ ტურნირის ფორმატს, ბევრი რამ სატელევიზიო ტრანსლაციებზეცაა დამოკიდებული. ეს გამოწვევა იქნება, მაგრამ, როგორც უკვე ვთქვი, ამას გავუმკლავდებით. ვფიქრობ, ყველამ ვიცით, რომ უბრალოდ უნდა შევეგუოთ და საქმე გავაგრძელოთ, ამის წინააღმდეგ რაიმე სახის კამპანიის წამოწყებას აზრი არ აქვს“.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ჩრდ. ირლანდიის ნაკრებების დაპირისპირება 25 სექტემბერს, „დინამო არენაზე“ 20:00 საათზე დაიწყება.