გიორგი ბედიანაშვილი
Aa
Aa

„ჩემი ოცნება საქართველოსთვის თამაშია“ | უცნობი ქართველი ავსტრიის ბუნდესლიგაში

ავსტრიის ბუნდესლიგაში 19 წლის ქართველი ფეხბურთელის, გიორგი ბედიანაშვილის დებიუტი შედგა. მიუხედავად იმისა, რომ „ტიროლის’’ მოთამაშე 7 წლიდან ავსტრიაში ცხოვრობს, ქართულად საკმაოდ გამართულად საუბრობს და საქართველოს ნაკრებში თამაშზე ოცნებობს.

„საქართველოში დავიბადე, ბავშვობაში 7 წლამდე საქართველოში ვცხოვრობდი, შემდეგ ავსტრიაში გადავედი. საქართველო ძალიან მიყვარს. როცა დრო მაქვს, ყოველთვის ჩავდივარ. ჩემი ოცნება საქართველოს ნაკრებში თამაშია, ამისთვის ბევრს ვიშრომებ’’ - აღნიშნა გიორგიმ კრისტალსპორტთან საუბარში.

„ტიროლის’’ მთავარმა მწვრთნელმა ფილიპ ზემლიჩმა ავსტრიის ბუნდესლიგის მე-5 ტურში „ლუსტენაუსთან’’ მარჯვენა გარემარბის პოზიციაზე ათამაშა, 77-ე წუთზე ჩართო თამაშში. გარდა ამისა, ქართველი ფეხბურთელი ბუნდესლიგის ორ მატჩში, „ზალცბურგთან’’ და ვენის „აუსტრიასთან’’ სათადარიგოთა სკამზე იჯდა, ისევე როგორც ავსტრიის თასზე - „ვიზელბურგთან’’. პირველ გუნდთან ადაპტაციის პროცესშია, რაც უდავოდ პოზიტიური ფაქტია.

გასულ ზაფხულში, ახალი სეზონისთვის მზადების ფარგლებში „ტიროლის’’  პირველ გუნდთან ერთად პირველი სრულფასოვანი შეკრება გაიარა, ამხანაგურ მატჩებში მიიღო მონაწილეობა, რასაც პროფესიონალურ დონეზე დებიუტი მოჰყვა. 

19 წლის ფეხბურთელი გასული სეზონიდან მოყოლებული ყველაზე მეტად სწრაფად აზროვნების კუთხით განვითარდა, ტექნიკური და სწრაფი მოთამაშე ახლა გაცილებით სწრაფად იღებს გადაწყვეტილებას, რაც პროფესიონალურ ფეხბურთში დამკვიდრებისთვის ერთ-ერთი აუცილებელი მოთხოვნაა.

პირველ გუნდთან ერთად რეგულარულად ვარჯიშობს და სათამაშო პრაქტიკის მიზნით ოფიციალურ მატჩებს სარეზერვო გუნდში ატარებს, ამ სეზონში რანგით მესამე ლიგაში 5 მატჩი ჩაატარა, „ფიუგენს’’ ეფექტური გოლი გაუტანა.


1,75 სიმაღლის გარემარბი სწრაფი და ტექნიკურია, მემარჯვენეა, თუმცა მარცხენა ფეხით თამაშიც საკმაოდ განვითარებული აქვს. „ტიროლის’’ სარეზერვო გუნდი სამი ცენტრალური მცველით და ე.წ. ვინგბექებით თამაშობს. ქართველ ფეხბურთელს „ვინგბექად’’ ორივე ფლანგზე შეუძლია თამაში.

ბედიანაშვილი 14 წლამდე „ვაკერ ინსბრუკის’’ ასაკობრივ გუნდებში იზრდებოდა, შემდგომში ტიროლის რეგიონის საუკეთესო აკადემიაში - AKA Tirol-ის 15, 16 და 18 წლამდე გუნდებში თამაშობდა. 2025 წლის ზაფხულში „ტიროლის’’ (WSG Tirol) მეორე გუნდს შეუერთდა.

2025-26 წლების სეზონში „ტიროლის’’ მეორე გუნდში 18 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა, გუნდს რანგით მე-4 ლიგის მოგებაში დაეხმარა. გასულ სეზონში მისმა კარგმა თამაშმა პირველ გუნდში დაწინაურების რეალური შესაძლებლობა გააჩინა. მნიშვნელოვანია პოზიტიური დინამიკა გაგრძელდეს, რაც საქართველოს 21 წლამდე ნაკრებში მოხვედრის რეალურ შანსს გააჩენს. რამაზ სვანაძის გაწვრთნილი ახალგაზრდული ნაკრები მიმდინარე ევროშესარჩევს მალე დაასრულებს. ბედიანაშვილს, ასაკიდან გამომდინარე, შემდეგ შესარჩევ ციკლში თამაშის უფლება აქვს.

გიორგი ბედიანაშვილი - ტიროლის ფეხბურთელი

აღსანიშნავია კიდევ ერთი ფაქტი: გიორგის საქართველოს ასაკობრივ ნაკრებში თამაშის გამოცდილება აქვს, 2022 წელს გიორგი ჩიტაურმა საქართველოს 16 წლამდე ნაკრებში ორ შეკრებაზე გამოიძახა. როცა მონტენეგროსთან ამხანაგური მატჩი 3:0 მოიგეს, პირველი გოლი ბედიანაშვილის საგოლე პასით გიორგი ჩუბინიძემ გაიტანა. ამ მატჩში საქართველოს 16 წლამდე ნაკრებმა 3-4-3 ტაქტიკური სქემით ითამაშა, გიორგი მარცხენა გარემარბი იყო. ასევე, 16 წლამდე ნაკრებში სან მარინოში გამართულ ტურნირზე, განვითარების თასზე მიიღო მონაწილეობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პრობლემური პოზიცია | რატომ სჭირდება მაისურაძე ეროვნულ ნაკრებს
პრობლემური პოზიცია | რატომ სჭირდება მაისურაძე ეროვნულ ნაკრებს