ვახტანგ სალია
Aa
Aa

„იოან ვისას სიფრთხილე მართებს“ | ინგლისურ პრესაში სალიაზე დაწერეს

საფეხბურთო პორტალი Footballfancast-ი საინტერესო სტატიას აქვეყნებს და „ნიუკასლის“ ქართველ ფეხბურთელზე, ვახტანგ სალიაზე საუბრობს. სტატიის ავტორი, რობი უოლსი წერს, რომ „კაჭკაჭების“ თავდამსხმელს, იოან ვისას მოსამატებელი აქვს და თუ ეს არ მოხდა, მის ალტერნატივად შესაძლოა, სალია მოგვევლინოს.

ვისა ფრთხილად უნდა იყოს — „ნიუკასლს“ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო თინეიჯერი ტალანტი ჰყავს

„იოან ვისა მადლიერი უნდა იყოს, რომ მისი გაფუჭებული პენალტი „ნიუკასლს“ ძვირად არ დაუჯდა — „კაჭკაჭებმა“ „ჰალ სიტი“ მაინც დაამარცხეს და „სენტ ჯეიმს პარკზე“ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამი ქულა აიღეს. ნიკ ვოლტემადეს „იუვენტუსში“ გაშვების შემდეგ ვისას მეორე შანსი მიეცა, თუმცა მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე მხოლოდ ერთი გოლია. მატიას იაისლეს გუნდში მოსვლის შემდეგ ვისა უკეთ ათამაშდა, მაგრამ არის კი ის ცხრიანი, რომელიც „ნიუკასლს“ სჭირდება?

ალექსანდერ ისაკის შემცვლელად მოყვანილმა ვისამ, რომელიც პრემიერ ლიგაში გამოცდილების მქონე ფეხბურთელია, პირველი სეზონი დიდად ვერაფერში გამოიყენა და უფორმობას თავი ვერა და ვერ დააღწია. 30 წლის ასაკში, 55-მილიონიანი ფეხბურთელისთვის დრო იწურება იმის დასამტკიცებლად, რომ იგი ცუდი შენაძენი არ ყოფილა. კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ნაკრების ვარსკვლავი ჯერ კიდევ შორს არის იმ თამაშისგან, რომელიც „ბრენტფორდში“ აჩვენა.

„ფუტკრების“ შემადგენლობაში გატარებულ ბოლო სეზონში მან პრემიერ ლიგაში 19 გოლი გაიტანა (წინა წელს გატანილი 12 გოლის შემდეგ) და აივან ტოუნისა და ბრაიან მბეუმოს მსგავსად, ტომას ფრანკის ხელში უაღრესად შედეგიანი თავდამსხმელის სტატუსი დაიმკვიდრა. მას შემდეგ მან „ნიუკასლში“ მხოლოდ ორი გოლი შეაგდო, თუმცა იაისლეს მოსვლის შემდეგ პროგრესი ნამდვილად აქვს. ყოველ შემთხვევაში, ვისას საუკეთესო თამაში მაშინ გამოსდის, როდესაც სიღრმეში, უკან იხევს და ხაზების დამაკავშირებლის როლს ირგებს, როგორც ეს „ლივერპულთან“ მატჩში გააკეთა. ამ პოზიციაზე ის ბევრად ეფექტურია, ვიდრე შეტევების დამაგვირგვინებლის როლში. შესაძლოა, იგი არ არის ის ნამდვილი ცხრიანი, რომელიც „ნიუკასლს“ სჭირდება და არაა გამორიცხული, გამოსავალი საერთოდ სხვაგან იმალებოდეს.

ვისას და ვილიამ ოსულას შესაძლოა კონკურენცია დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდეთ, მაგრამ „ჰალ სიტისთან“ მატჩში განაცხადში ვახტანგ სალია გამოჩნდა. 19 წლის ახალგაზრდა ქართველს პირველ გუნდში ჯერ არ უთამაშია, თუმცა შაბათს, სათადარიგოთა სკამზე მოხვედრა იმაზე მიუთითებს, რომ იგი „ნიუკასლის“ მაისურით პირველად გამოჩენას სულ უფრო უახლოვდება.

„ნიუკასლმა“ სალია „დინამო თბილისიდან“ შეიძინა და ის ინგლისში 18 წლის შესრულების შემდეგ ჩავიდა. სალიას ტრანსფერს დიდი მოლოდინი ახლდა და ჟურნალისტი გრემ ბეილი ავრცელებდა მოსაზრებას, რომ სალია „მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ახალგაზრდა ტალანტად“ ითვლებოდა.

იყო პერიოდი, როდესაც იწერებოდა, რომ მისი ტრანსფერისთვის ბრძოლას „მანჩესტერ სიტი“ და „არსენალი“ ლიდერობდნენ, თუმცა „კაჭკაჭებმა“ სიტუაციით ისარგებლეს და გარიგება თავად დახურეს. მიუხედავად იმისა, რომ მის სადებიუტო სეზონზე ტრავმამ უარყოფითი გავლენა მოახდინა, სალიამ 2026/27 წლების სეზონი შთამბეჭდავად დაიწყო — რამაც განაპირობა კიდეც მისი პირველ გუნდში დაწინაურება — მან სამ განსხვავებულ ტურნირზე ჩატარებულ ხუთ მატჩში სამი გოლი გაიტანა. სალიამ თავი განსაკუთრებით გასულ კვირას, EFL Trophy-ზე „იორკ სიტისთან“ მოგებულ მატჩში გამოიჩინა, რომლის დროსაც დაცვის შეცდომით ისარგებლა და ბურთი ახლო მანძილიდან მძლავრი დარტყმით კარის ბადეში გაახვია.

სალიამ იგრძნო, რომ შეიძლებოდა მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს შეცდომა დაეშვათ და მასპინძლები ცივსისხლიანივით დასაჯა. გასაკვირი არც არის, რომ იაისლემ იგი პირველ გუნდში უკვე დააწინაურა. არც ისეა, თითქოს მას ზრდასრულთა გუნდების წინააღმდეგ თამაშის გამოცდილება არ აქვს — იგი ჯერ კიდევ 16-17 წლის ასაკში საქართველოში ბრწყინავდა და ისეთ გამოცდილებას ფლობს, რომელიც მას კლუბის აკადემიის თანაგუნდელებზე წინ უნდა აყენებდეს. იმედია, „ნიუკასლში“ მისი დებიუტი მალე შედგება, რადგან კლუბის მომავალი ცხრიანი შესაძლოა უკვე გუნდშივე იმყოფებოდეს. ვისას ნამდვილად სიფრთხილე მართებს", — წერს საფეხბურთო პორტალი.

ცნობისთვის, „ნიუკასლი“ მომდევნო შეხვედრას სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ გამართავს და 12 ოქტომბერს სტუმრად „ქოვენთრის“ დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მის ბოლო თამაშებს დაესწრნენ“ | კვერნაძეს რომაც აკვირდება
„მის ბოლო თამაშებს დაესწრნენ“ | კვერნაძეს რომაც აკვირდება