ხვიჩა კვარაცხელია, კილიან მბაპე, ოქროს ბურთი, ლამინ იამალი
Aa
Aa

მოახდენს თუ არა მბაპეს და იამალის განცხადებები გავლენას? - ოქროს ბურთის კომისიის წევრების კომენტარები

ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა Le Parisien-ი ოქროს ბურთთან დაკავშირებით ვრცელ სტატიას აქვეყნებს, რომელშიც სტატიის ავტორი კილიან მბაპესა და ლამინ იამალის მანიპულაციურ განცხადებებს განიხილავს.

ავტორი სვამს კითხვას, თუ რამდენად შეუძლიათ მბაპეს და იამალის ინტერვიუებს გავლენა მოახდინონ ამომრჩეველთა მიერ ხმის მიცემის პროცესში და კომისიის რამდენიმე წევრთან ჩაწერილ ინტერვიუსაც გვთავაზობს.

სტატიაში ნათქვამია:

„ოქროს ბურთის“ ნომინანტებმა მედია განცხადებებით წალეკეს, კლუბებმა კი ამ პრესტიჟული ჯილდოს მოპოვების იმედით, თავიანთი ფეხბურთელების მხარდასაჭერად კამპანიები წამოიწყეს.

ბოლო დღეების განმავლობაში, განცხადებებში ლამინ იამალი და კილიან მბაპე დომინირებენ. მათ „ოქროს ბურთის“ მოგებაზე საკუთარი პრეტენზია ღიად გამოხატეს, სხვებმა კი, როგორებიც არიან ხვიჩა კვარაცხელია, უსმან დემბელე და ჰარი კეინი, მხარდაჭერა კოლეგა ვარსკვლავებისგან დაიმსახურეს.

სხვადასხვა ნომინანტის მხარდამჭერი მედიაკამპანიების გააქტიურების ფონზე, „ოქროს ბურთის“ ჟიურის ზოგიერთი წევრი საჯაროდ საუბარს დათანხმდა.

ამის შემდეგ, სტატიაში გვხვდება ალჟირში წამყვანი სპორტული სააგენტო El Watan-ის ჟურნალისტის, იაზიდ უაჰიბის და შვედური გამოცემა Offside-ის წარმომადგენლის, ანდერს ბენგტსონის კომენტარები, რომლებიც ამ განცხადებების მნიშვნელობასა და ჟიურის წევრებზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობაზე საუბრობენ, თუმცა ამავდროულად აღნიშნავენ, რომ ფეხბურთელების განცხადებები მათ გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერ მოახდენენ. ცნობისთვის, ორივე ჟურნალისტი ოქროს ბურთის კომისიის წევრია.

იაზიდ უაჰიბი:

„ჟიურის წევრი 2007 წლიდან ვარ და უნდა აღვნიშნო, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ისეთი საარჩევნო კამპანიების მომსწრენი გავხდით, როგორიც აქამდე არასდროს გვინახავს. ყველა ეს ინტერვიუ და კომენტარი მხოლოდ ყურადღების გადამტანი საშუალებაა, რაც ჩემს არჩევანზე გავლენას არ ახდენს“.

„რა თქმა უნდა, მათი ინტერვიუებით ვითარება იძაბება, მაგრამ ეს არაფერს ცვლის. ჩვენ ამ მოვლენებს შორიდან ვადევნებთ თვალს. ჩემი კოლეგების სახელით ვერ ვისაუბრებ, მაგრამ მჯერა, რომ ამ ყველაფერმა მათ ხმაზეც არ უნდა მოახდინოს გავლენა. საბოლოო ჯამში, ყველაფერი სინდისზეა დამოკიდებული“.

ანდერს ბენგტსონი:

„ეს კამპანიები საერთოდ არ მოქმედებს ჩემზე. თუმცა გამორიცხული არ არის, რომ მათ ზოგიერთ ამომრჩეველზე იმოქმედონ. თუ მოთამაშეებს შორის არჩევანის გაკეთება მიჭირს, ზოგიერთმა სტატისტიკამ ან არგუმენტმა შესაძლოა სასწორი რომელიმე მათგანის სასარგებლოდ გადახაროს. მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ხმის მიცემამდე კარგად არ ვიფიქრებდი“.

„ჟიურის წევრები გულუბრყვილოები არ არიან. მათ აქვთ საკმარისი გამოცდილება და სინდისი, რათა განსაჯონ და შეაფასონ მოთამაშე ისე, რომ არ დასჭირდეთ ფრაზის - „ის საუკეთესოა“ - ათჯერ ან თხუთმეტჯერ მოსმენა“.

ცნობისთვის, ოქროს ბურთის გამარჯვებულს სამი კრიტერიუმი განსაზღვრავს: ინდივიდუალური თამაში და გადამწყვეტი, გავლენიანი ხასიათი; გუნდის შედეგები და გამორჩეული მიღწევები; ასევე პატიოსნება და სამართლიანი თამაში, იგივე fair play. ოქროს ბურთის დაჯილდოება 26 ოქტომბერს, ლონდონში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს მთავარი პრობლემა იქნება“ - ჩრდ. ირლანდიის მწვრთნელმა უკმაყოფილება ვერ დამალა
„ეს მთავარი პრობლემა იქნება“ - ჩრდ. ირლანდიის მწვრთნელმა უკმაყოფილება ვერ დამალა