„კვარას უამრავი კარგი თვისება აქვს“ - დემბელემ ხვიჩაზე ისაუბრა
ცოტა ხნის წინ, „პარი სენ-ჟერმენის“ ოფიციალურ გვერდზე ხვიჩა კვარაცხელიასა და უსმან დემბელეს ერთობლივი ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელიც პსჟ-ს ფეხბურთელებმა ავტორიტეტულ ბრიტანულ ტელევიზია BBC-ს მისცეს.
ამ ინტერვიუდან, „კრისტალსპორტმა“ ხვიჩა კვარაცხელიას ამონარიდი უკვე შემოგთავაზათ, ამჯერად კი უსმან დემბელეს საუბარს მიმოვიხილავთ.
რას ამბობს დემბელე ინტერვიუში:
„კვარას უამრავი კარგი თვისება აქვს და ვფიქრობ, თითქმის ყველაფერი გააჩნია, რაც ფეხბურთელისთვის არის საჭირო. გარდა ამისა, ხაზს გავუსვამდი მის უნარს, აქტიურად იყოს ჩართული თამაშის ყველა ფაზაში - როგორც „პარი სენ-ჟერმენის“ შეტევების დროს, ისე დაცვაში.
ჩვენი ასეთი კარგი შეთამაშება მხოლოდ მოედანზე ერთად გატარებული დროის დამსახურება არ არის. ჩვენ მოედნის მიღმაც ძალიან სწრაფად გავუგეთ ერთმანეთს და ასეთი მაღალი კლასის ფეხბურთელთან თამაში მართლაც მარტივია.
რაც შემეხება ჩემს წარმატებულ ინდივიდუალურ სეზონს, რა თქმა უნდა, არ უარვყოფ, თუმცა განვლილ გზას რომ ვუყურებ, პირველ რიგში მაინც გუნდური წარმატება მახსენდება. ყველაზე მნიშვნელოვანი „პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად გამარჯვება იყო.
როდესაც ოქროს ბურთი მოვიგე, თვალწინ მიდგება ის განსაკუთრებული საღამო, როცა გარშემორტყმული ვიყავი ახლობლებით, მეგობრებითა და ყველა იმ ადამიანით, ვისაც ჩემს კარიერულ წინსვლაში მნიშვნელოვანი როლი შეუსრულებია. ეს იყო წარმოუდგენელი საღამო, რამაც ჩემი ცხოვრება შეცვალა. მაგრამ ჯილდოს მოგების მიუხედავად, ჩემი მიდგომები არ შეცვლილა. შესაძლოა, სხვების დამოკიდებულება შეიცვალოს, მაგრამ პირადად მე, ყოველთვის კონცენტრირებული ვარ და ისეთივე ადამიანად ვრჩები, როგორიც მანამდე ვიყავი.
ახლაც, როცა ჩემს კანდიდატურაზე საუბრის დრო დგება, იმავე პოზიციას ვინარჩუნებ: არანაირი კამპანია, არანაირი ხმამაღალი განცხადებები — უბრალოდ, წინსვლის გაგრძელების სურვილი მამოძრავებს. ეს მართლაც მნიშვნელოვანი მოვლენაა, თუმცა მაქსიმალურად კონცენტრირებული და მშვიდი ვარ. ამ თემაზე ბევრი საუბარი არ მჭირდება.“
შეგახსენებთ, რომ ოქროს ბურთის დაჯილდოება 26 ოქტომბერს, ლონდონში გაიმართება.