როგორ ყალიბდება კვერნაძე ვარსკვლავად - იტალიური გამოცემის დეტალური სტატია
ცნობილი ევროპული გამოცემა Goal.com-ის იტალიური ბიურო გიორგი კვერნაძის შესახებ სტატიას აქვეყნებს და „ფროზინონეში“ მის პროგრესს განიხილავს. „როგორ ყალიბდება კვერნაძე ვარსკვლავად: ამოუცნობი ობიექტიდან კვარასთან შედარებამდე - „ნაპოლიმ“ და „რომამ“ ის უკვე თავიანთ სიაში შეიყვანეს“ - ასე ასათაურებს ჟურნალისტი სტატიას:
„იტალიურ ფეხბურთში კვერნაძის „აფეთქება“ მყისიერი არ ყოფილა: „ფროზინონემ“ მასთან დიდი სამუშაო გასწია და დღეს მათ გუნდში ნამდვილი მარგალიტია.
ცოტა თუ ელოდა სერია A-ში გიორგი კვერნაძისგან ასეთ შთამბეჭდავ თამაშს, განსაკუთრებით სამი წლის წინანდელი ჩავარდნის შემდეგ.
თუმცა დღეს კვერნაძე სულ სხვა ფეხბურთელია და აგრძელებს პროგრესს, რამაც ის სულ მალე შესაძლოა უმაღლეს დონეზე აიყვანოს.
პირველი (წარუმატებელი) მცდელობა სერია A-ში
2023 წლის ზაფხულში, სერია A-ში ახალაღზევებულმა „ფროზინონემ“ გადაწყვიტა, კვარაცხელიას მიერ გაღვივებულ „ქართულ ტრენდს“ აჰყოლოდა და კვერნაძე „კოლხეთი 1913“-ში აღმოაჩინა.
ის კლუბში იჯარითა და გამოსყიდვის უფლებით მივიდა, რაც სულაც არ იყო გარანტირებული კვერნაძის იტალიაში გატარებული პირველი სეზონის გათვალისწინებით. ეს სეზონი მან „ამოუცნობი ობიექტის“ იარლიყით დაასრულა მას შემდეგ, რაც დი ფრანჩესკოს გაწვრთნილ „ფროზინონეში“ (რომელიც მოგვიანებით ქვედა ლიგაში დაქვეითდა) მხოლოდ 5-ჯერ ითამაშა და მოედანზე ჯამში 58 წუთი გაატარა.
პროგრესი სერია B-ში
მიუხედავად ყველაფრისა, კლუბმა მისი ტრანსფერი მაინც გამოისყიდა. „ფროზინონემ“ კვერნაძის პოტენციალი დაინახა და სერია B-ში მიეცა შესაძლებლობა, აუჩქარებლად განევითარებინა იგი.
ის თანდათანობით ძირითადი შემადგენლობის მოთამაშედ იქცა, თუმცა ნამდვილი გარდატეხა „ფროზინონეს“ მთავარ მწვრთნელად პაოლო ბიანკოს დანიშვნას დაემთხვა - 4-3-3 სქემაზე გადასვლამ შემტევი თამაშის აქცენტი ფლანგებზე და, შესაბამისად, კვერნაძეზე გადაიტანა.
ასე მივედით ბოლო სეზონამდე, სერია A-ში კვლავ დაბრუნებამდე, სადაც ქართველმა (ალვინის ხელმძღვანელობით) თამაშისა და შედეგიანობის დიდ სტაბილურობას მიაღწია (5 გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემა 36 შეხვედრაში), რითაც საკუთარი დიდი ტალანტი საუკეთესოდ წარმოაჩინა.
მეორე დიდი შესაძლებლობა
ზაფხულში „ფროზინონეში“ მისი დარჩენა გარანტირებული არ იყო, თუმცა საბოლოოდ კვერნაძე დარჩა და საწყის ტურებშივე თამაშზე უდიდესი გავლენა მოახდინა.
ამჯერად სერია A-ში მისი დაბრუნება სრულიად განსხვავებული გამოდგა და კვერნაძემ თავისი მეორე შანსის საუკეთესოდ გამოყენება თავიდანვე დაიწყო.
3 გოლი, 1 საგოლე გადაცემა და პირველი ადგილი წარმატებული დრიბლინგების რეიტინგში. ის შეუჩერებელია ერთ-ერთზე თამაშისას და თავისუფალ სივრცეებში შეჭრისას. „კომოსთან“ გამართული მატჩი მისი პროგრესისა და ბრწყინვალე (როგორც ფიზიკური, ისე მენტალური) ფორმის ნათელი მაგალითია.
პატარა კვარა
„ხშირად მეუბნებიან, რომ პატარა კვარაცხელიას ვგავარ. ეს შედარება მაღიმებს, მაგრამ ძალიან მახარებს. თუმცა, ამავდროულად ვგრძნობ პასუხისმგებლობას, რომ ყოველთვის რაღაც მეტი უნდა გავაკეთო“.
ცხადია, რომ ეს შედარება ხმამაღალი და ჯერ კიდევ საკმაოდ ნაადრევია, თუმცა ამასობაში კვერნაძე ტკბება თავისი მეგობრისა და თანამემამულის, კვარას დაფასებით, რომელმაც „ჯენოასთან“ გატანილი გოლის შემდეგ, მას საკუთარ „სთორიში“ პატივი მიაგო.
ამ ორ ფეხბურთელს ერთმანეთთან არა მხოლოდ საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისური აკავშირებს, რომელიც კვერნაძემ 2025 წელს დამსახურებულად მოირგო, არამედ ერთი და იგივე აგენტიც ჰყავთ.
„ნაპოლი“ და „რომა“ მას უკვე აკვირდებიან
რაც შეეხება კვარას, Tuttosport-ის ცნობით, კვერნაძის კვალზე სწორედ „ნაპოლი“ გავიდა.
გამოცემა იუწყება, რომ ნეაპოლურმა კლუბმა „კომოსთან“ მატჩზე დასასწრებად სტადიონ „სტირპეზე“ სკაუტი გაგზავნა.
და რაც საყურადღებოა, არა მხოლოდ „ნაპოლიმ“, არამედ „რომამაც“ გადადგა პირველი ნაბიჯები 2003 წელს დაბადებულ ქართველ ტალანტთან დასაახლოებლად, შესაძლოა უკვე იანვრისთვისაც.
თუმცა, ამჟამად მისით „ფროზინონე“ ტკბება, რომელსაც თავისი მარგალიტის წყალობით იმედი აქვს, რომ ისტორიაში პირველად სერია A-ში ადგილს შეინარჩუნებს.
მიმდინარე სეზონში გიორგი კვერნაძემ „ფროზინონეს“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 6 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა. ქართველი ფეხბურთელი ახლა ეროვნულ ნაკრებთან ერთად იმყოფება და უახლოესი თამაშებისთვის ემზადება.