დათუნაშვილი: ,,სერბეთმა შანსი მომცა, მე კი მისი დროშა ყველაზე მაღლა ავწიე
Aa
Aa

დათუნაშვილი: ,,სერბეთმა შანსი მომცა, მე კი მისი დროშა ყველაზე მაღლა ავწიე"

ბერძნულ-რომაულ სტილით მოჭიდავე, 3 გზის ევროპის ჩემპიონმა, ზურაბ დათუნაშვილმა სერბეთის სახელით ასპარეზობის გადაწყვეტილება 2019 წელს მიიღო, როდესაც ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტთან, გეგა გეგეშიძესთან ინციდენტი შეემთხვა. 

მაშინ საქალაქო სასამართლომ გეგეშიძე 5 000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიც შეუნარჩუნა.

ზურაბ დათუნაშვილმა 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი სერბეთის სახელით მოიპოვა, შემდეგ კი ამავე ქვეყნის სახელით მსოფლიო ჩემპიონობა იზეიმა.

გასული წელი ზურაბისთვის საოცნებო იყო, მან სპორტული ოცნებები აისრულა, რასაც მის ქვეყანაში ნაწილის მხრიდან სიხარული, ხოლო ნაწილის მხრიდან - სინანული მოჰყვა, რადგან საქართველომ დიდი მებრძოლი და მსოფლიო ჩემპიონი დაკარგა, - წერს NOVA-ს რეპორტიორი.

ზურაბ დათუნაშვილი:

ჩემი ქვეყანა ნებისმიერი გემოვნების ვიზიტორს დააკმაყოფილებს. საქართველო ღვინით მდიდარი ქვეყანაა, ქართული სამზარეულო შესანიშნავია, გაქვს საოცარი ისტორია და ბუნება. თუ თანამედროვეობა გაინტერესებს, მაშინ ამისთვის ბათუმს უნდა ესტუმრო. 

საქართველოში ოლიმპიადამდე ვიყავი, შემდეგ კი ახალ წელს, 10 დღით ვსტუმრობდი. ჩემი ოჯახი ჩემი წარმატებით ბედნიერია, რადგან მათ ჩემთან დაკავშირებული მთელი ისტორია იციან. კარიერის დასრულებაზე ვფიქრობდი, წელიწად-ნახევარი ვერ ვჭიდაობდი, სპორტისგან შორს ვიყავი, თუმცა შემდეგ სერბეთში ჩამოვედი და ამ ქვეყნის სახელით მედლები მოვიპოვე.

ოლიმპიურ სოფელში ნოვაკ ჯოკოვიჩთან შეხვედრა დიდი პატივი იყო. სასაუბროდ დიდი დრო არ გვქონია, თუმცა წარმატება მომილოცა. სერბეთში ამბასადორიც ვიყავი და ბევრ ქალაქს ვსტუმრობდი. ჭიდაობის პოპულარიზაციაში საკუთარი წვლილის შეტანა მომწონს და ვფიქრობ, რომ სერბებს ჭიდაობა კარგად გამოსდით.

მინდა, სერბეთს ყველაფრისთვის მადლობა ვუთხრა. ამ ქვეყანამ ჩემთვის ბევრი გააკეთა, მომცა შანსი, მე კი მქონდა მოტივაცია შანსისთვის მეპასუხა - სერბეთის დროშა ყველაზე მაღლა ავწიე და ამის გაკეთება კიდევ მსურს, 2022 წელს ბუდაპეშტში ევროპის ჩემპიონატი მელის, შემდეგ კი მსოფლიო ჩემპიონატია.

ზურაბ დათუნაშვილის წარმატებულ ასპარეზობას სერბეთის სპორტის ფედერაციის პრეზიდენტი, დავორ სტეფანეკი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველოს ჭიდაობის ფედერაციას მადლობას უხდის, რადგან სერბეთმა ქართველი სპორტსმენის სპორტული დიპლომატიის მოპარვა შეძლო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ევლოევმა გულშემატკივარს ქართულად მიმართა: ,,თქვენთვის ჩემი სახლის კარი ღიაა
ევლოევმა გულშემატკივარს ქართულად მიმართა: ,,თქვენთვის ჩემი სახლის კარი ღიაა"