„რაც შეხვედრის ბოლოს გააკეთა, წარმოუდგენელი იყო“ - ტიერი ანრი ხვიჩას თამაშზე
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, პსჟ-სა და „არსენალის“ საპასუხო მატჩი ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა, ტიერი ანრიმ შეაფასა და პარიზული გუნდის ახალი პროექტის მიმართ სიმპათიები ვერ დამალა. ანრი ხვიჩა კვარაცხელიას თამაშსაც შეეხო და შეხვედრის მიწურულს, ქართველი ფეხბურთელის ქმედებები გამოარჩია.
რას ამბობს ანრი:
„მადლობელი ვარ პსჟ-ის ხელმძღვანელების, რადგან მათ საფრანგეთის ჩემპიონატი საფეხბურთო რუკაზე დააბრუნეს. როდესაც პარიზი ვერ იგებდა, ყოველთვის ქაოსი იწყებოდა და ხშირ შემთხვევაში, ბევრ არასწორ გადაწყვეტილებას იღებდნენ, ახლა კი ყველაფერი პირიქითაა. გუნდს პროექტი აქვს, რომელსაც უახლოეს მომავალში პსჟ-ის დიდების მწვერვალზე აყვანა შეუძლია. მათი წყალობით, ახლა ძალიან ბევრმა იცის, თუ რა ხდება ლიგა 1-ში. გულახდილები ვიყოთ, არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ პარი სენ-ჟერმენის წყალობით დღეს ლიგა 1-ის შესახებ გაცილებით ბევრმა ადამიანმა იცის“.
„კლუბს აქვს ეკიპირება, ინფრასტრუქტურა, პროექტი, მიზნები და ა.შ. ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის პსჟ იქცა ისეთ ადგილად, სადაც მიხვალ და უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოლებ. ეს გუნდი უკვე ერთ ოჯახად იქცა, ხალხს სიამოვნებს მათი თამაშების ყურება. ერთადერთი, რაც აკლდათ, გადამწყვეტ მომენტებში იღბალი იყო და ახლა, ესეც მიიღეს“.
„როდესაც ფრანგულ ტელევიზიაში ვმუშაობდი, ნასერ ალ-ხელაიფის ვუთხარი, რომ ახალგაზრდა გუნდი და გრძელვადიანი პროექტი სჭირდებოდა და არა ცნობილი მოთამაშეების შეძენა, რომელიც ყოველ ორ წელში ხდებოდა. ზოგს ჩემი ნათქვამი არ მოეწონა, მაგრამ როგორც ხედავთ, მართალი ვიყავი“.
„ახლა მიდგომა შეიცვალა და პსჟ საფეხბურთო რუკაზე დაბრუნდა. ჩემს ახალგაზრდობაში პსჟ-ში ჟინოლა, ვალდო, ვეა და კიდევ ბევრი ძლიერი ფეხბურთელი თამაშობდა, მაგრამ მაშინ გულშემატკივრებთან ასეთი კავშირი არ იყო. ახლა კი პირიქით, როდესაც პარკ დე პრენსზე მიდიხარ, შეგიძლია თამაშს უსაფრთხოდ უყურო და ისიამოვნო. ადრე, რაც გუნდს აკლდა, ფეხბურთელებისა და გულშემატკივრების კავშირი იყო. ეს მხარდაჭერა იმაზე მეტს ნიშნავს, ვიდრე წარმოიდგენთ. პარიზში ერთიანობა აკლდათ, ახლა კი იგრძნობა, რომ გულშემატკივრები თავის გუნდს ენდობიან და ფეხბურთელების სჯერათ... სჯერათ, რომ გუნდი ყველაფერს გააკეთებს მიზნის მისაღწევად, სწორად იბრძოლებს იმის მიუხედავად, თუ რა ხდება მოედანზე“.
„რა თქმა უნდა, შეგვიძლია ვისაუბროთ ტაქტიკაზე და პერსონალურად ფეხბურთელებზეც. როდესაც ხედავთ კვარაცხელიას, როგორ დარბის ბურთის გარეშე, ეს უბრალოდ შესანიშნავია. რაც მან შეხვედრის მიწურულს გააკეთა, ეს უბრალოდ წარმოუდგენელი იყო. როდესაც გუნდი ორი ბურთის უპირატესობით იგებს, არ ცდილობს, რომ ვარსკვლავი იყოს. როდესაც თავისუფალ სივრცეში ბურთი მიიღო, გაიქცა და ბურთი კუთხურის ალამთან მიიტანა, ამით კი რამდენიმე წუთი გაიყვანა. ეს რომ გააკეთა, იცოდა, რომ სწორედ ეს იყო საჭირო ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასასვლელად. „ბარსელონაც“ იგებდა, მაგრამ ასე არ მოიქცა...
კვარას მომენტები არსენალთან:
ხვიჩა კვარაცხელიამ „არსენალის“ წინააღმდეგ შეუცვლელად ითამაშა, მისი სტატისტიკა კი ასეთი იყო: 18-დან 15 ზუსტი პასი (83%), 17-დან 6 პოზიციური დუელი მოიგო, 4 საჰაერო დუელიდან 2. სახიფათო სიტუაცია 2-ჯერ განმუხტა, ასევე, ორჯერ დაბლოკა მეტოქის დარტყმა. ჰქონდა 5 ართმევა. კარისკენ ორჯერ დაარტყა, ამ ორიდან ერთი ძელს გაარტყა, მეორე კი ააცილა. ასევე, მეორე ნახევარში კალაფიორისთან შელაპარაკების გამო ყვითელი ბარათიც მიიღო. შეხვედრის დასრულების შემდეგ Sofascore-სგან მისი თამაში 6.8 ქულით შეფასდა.
ხვიჩა კახა კალაძის შემდეგ მეორე ქართველი ფეხბურთელია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშებს. ტურნირის საფინალო მატჩი 31 მაისს, მიუნხენში, ალიანც არენაზე გაიმართება, პსჟ-ის მეტოქე კი „ინტერი“ იქნება, რომელმაც ნახევარფინალში ბარსელონა ორი მატჩის ჯამში 7:6 დაამარცხა.