„გუნდისთვის, მთავარი მამოძრავებელი ძალაა“ - ლიზარაზუ ხვიჩათი აღფრთოვანებულია
ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა, ბიქსენტ ლიზარაზუმ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში პსჟ-სა და „არსენალის“ საპასუხო მატჩი შეაფასა და ხვიჩა კვარაცხელია გამოარჩია. ვეტერანი მცველი ამბობს, რომ ხვიჩამ პარიზელთა თამაშის სცენარში გადამწყვეტი როლი ითამაშა.
ბიქსენტ ლიზარაზუ:
„იმან, თუ როგორ გაუმკლავდა პსჟ სირთულეებს, ჩემზე ნამდვილად ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა. რა თქმა უნდა, ეს თამაში მარტივი არ ყოფილა, განსაკუთრებით დასაწყისს გამოვყოფდი. პირველი 20 წუთის განმავლობაში „არსენალმა“ ძალიან მაღალი და აგრესიული პრესინგი ითამაშა, რითაც პსჟ-ს ბურთი მთლიანად წაართვა. პარიზელები დიდი ზეწოლის ქვეშ იყნენ და წვალობდნენ, სანამ კვარაცხელია არ გამოჩნდა. მის მიერ შექმნილმა პირველმა შანსმა პარიზელები ამ წნეხისგან გაათავისუფლა. როდესაც ბურთი ძელს გაარტყა, ამან არსენალი შეაშინა“.
„დემბელეს არყოფნა პარიზისთის დიდი დარტყმა იყო. ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე დემბელეს საორიენტაციო თვისებები აქვს, მაგრამ როდესაც გუნდს მისი ძალა გამოაკლდა, შედარებით უფრო ფრთხილი თამაში აირჩიეს. კვარაცხელია მარცხენა ფლანგზე მნიშვნელოვან საქმეს ასრულებდა ნუნუ მენდეშთან ერთად ბუკაიო საკას გასანეიტრალებლად, დუე მარჯვნიდან უტევდა, ცენტრში კი ბარკოლა აღმოჩნდა. იანვარში კვარაცხელიას მოსვლის შემდეგ ბარკოლა სათადარიგოთა სკამის მოთამაშედ იქცა და ეს ფეხბურთელზე ფსიქოლოგიურად ყოველთვის მოქმედებს, ასეთ დროს შენი ფიქრებისა და თამაშის მართვა მარტივი არ არის. რაც შეეხება კვარაცხელიას, ის მოედნის ყველა კუთხეში იბრძვის და გუნდი შეტევაშიც მიჰყავს. ხომ ნახეთ, როგორ გაუბრაზდა კალაფიორის? ეს მის ხასიათზე და შემართებაზეც მეტყველებს, ამიტომ არის ის გუნდის მამოძრავებელი“.
ხვიჩა კვარაცხელიამ „არსენალის“ წინააღმდეგ შეუცვლელად ითამაშა, მისი სტატისტიკა კი ასეთი იყო: 18-დან 15 ზუსტი პასი (83%), 17-დან 6 პოზიციური დუელი მოიგო, 4 საჰაერო დუელიდან 2. სახიფათო სიტუაცია 2-ჯერ განმუხტა, ასევე, ორჯერ დაბლოკა მეტოქის დარტყმა. ჰქონდა 5 ართმევა. კარისკენ ორჯერ დაარტყა, ამ ორიდან ერთი ძელს გაარტყა, მეორე კი ააცილა. ასევე, მეორე ნახევარში კალაფიორისთან შელაპარაკების გამო ყვითელი ბარათიც მიიღო. შეხვედრის დასრულების შემდეგ Sofascore-სგან მისი თამაში 6.8 ქულით შეფასდა.
კვარას გამორჩეული მომენტები არსენალთან:
ხვიჩა კახა კალაძის შემდეგ მეორე ქართველი ფეხბურთელია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშებს. ტურნირის გადამწყვეტი მატჩი 31 მაისს, მიუნხენში, ალიანც არენაზე გაიმართება, პსჟ-ის მეტოქე კი „ინტერი“ იქნება, რომელმაც ნახევარფინალში ბარსელონა ორი მატჩის ჯამში 7:6 დაამარცხა.