ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„მეტოქის მცველისთვის საფრთხის მუდმივი წყაროა“ | რას წერს ფრანგული პრესა კვარაზე

ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ „არსენალს“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის მეორე მატჩიც მოუგო (2:1) და ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის ფინალის საგზური მოიპოვა, სადაც „ინტერს“ შეხვდება.

მატჩის შემდეგ ფრანგული პრესა ქართველი ფეხბურთელის თამაშს ასე გამოეხმაურა:

90min: პარიზელთა რიგებში შეტევაში პირველმა გაიბრწყინა, როდესაც მე-17 წუთზე შორეული დარტყმით ანგარიშის გახსნა შეეძლო, თუმცა ბურთი ძელს მოხვდა. 15 წუთში ხვიჩამ კიდევ ერთი კონტრშეტევა განავითარა, ჭკვიანური პასი გაუკეთა ბარკოლას, რომელმაც საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა. ყველა ორთაბრძოლაში გასაოცარი ინტენსივობით ითამაშა და მაშინაც კი, როდესაც ბურთს კარგავდა, დაუყოვნებლივ ერთვებოდა პრესინგში.

Maxifoot: ქართველი ახლოს იყო პსჟ-ს პირველი გოლის გატანასთან, მაგრამ მისი დარტყმული ბურთი რაიას კარის ძელს მოხვდა. თავდაუზოგავად შრომობდა, არაერთხელ დაეხმარა გუნდს დაცვის ხაზში და ჩაატარა სოლიდური მატჩი.

Parisfans: დიდებული მატჩი დაცვაში და ნაკლებად შთამბეჭდავი - შეტევაში. ნუნო მენდეშს დაცვაში ეხმარებოდა და დიდი სამუშაო გასწია. რაც შეეხება შეტევას, სეზონის დასკვნით ფაზაში მას ამ მხრივ პრობლემები აქვს.

Footmercato: კვარაცხელიას ტრანსფერი შესაძლოა მალე გახდეს საუკეთესო ზამთრის შენაძენი პსჟ-ის ისტორიაში. მატჩიდან მატჩამდე ხვიჩას ძალიან დიდი სარგებელი მოაქვს. მეტოქის მარჯვენა მცველისთვის ის საფრთხის მუდმივი წყაროა, დაცვაში პროფესიონალია და შესანიშნავი დარტყმა აქვს. ამჯერად პირველ ტაიმში მისი დარტყმული ბურთი ძელმა აისხლიტა, თუმცა ის პარიზელთათვის იმდენად მნიშვნელოვანია, რომ უბრალოდ გასაკვირია, როგორ ახერხებდა თამაშს პსჟ მის გარეშე.

Le Parisien: პარიზელთა პირველი საგოლე მომენტი შექმნა, როდესაც მე-17 წუთზე ბურთი ძელს გაარტყა, შემდეგ კი მეტოქეს დაარღვევინა წესები, რის შემდეგაც ფაბიან რუისმა ანგარიში გახსნა. პირველ მატჩთან შედარებით შეტევაში ის ნაკლებად პროდუქტიული იყო, თუმცა ეს დაცვაში მუშაობით აანაზღაურა და ბუკაიო საკას განეიტრალებაზე იზრუნა.

L'Equipe: ქართველი ძალიან პროდუქტიული იყო დაცვითი ფუნქციების შესრულებისას, კარგად დაბლოკა „არსენალის“ ფეხბურთელთა დარტყმები 37-ე და 49-ე წუთებზე. მისი დარტყმა, რომელიც ძელს მოხვდა, და პასი ბარკოლაზე 30-ე წუთზე პირველი ტაიმის კულმინაციად იქცა. ხშირად აპროტესტებდა მსაჯის გადაწყვეტილებებს, ჰქონდა მცირე დაპირისპირება კალაფიორისთან და თავის თანაგუნდელ დუესთანაც კი, რომელმაც მე-16 წუთზე პასი არ მისცა. რაც ყველაზე მთავარია, მან მიიღო მონაწილეობა შეტევაში, რომელსაც პარიზელთა მეორე გოლი მოჰყვა.

ცნობისთვის, „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ინტერის“ მატჩი 31 მაისს მიუნხენში, „ალიანც არენაზე“ გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ენრიკე: შევეცდებით ჩემპიონთა ლიგა ყოველ წელს მოვიგოთ - ეს ჩვენი მიზანია
ენრიკე: შევეცდებით ჩემპიონთა ლიგა ყოველ წელს მოვიგოთ - ეს ჩვენი მიზანია