კვარა: ძლიერები ვართ და ჩემპიონთა ლიგის მოგებას ვიმსახურებთ
ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალშია. პსჟ-მა „არსენალი“ განმეორებით მატჩიც დაამარცხა. ანგარიში 2:1 დასრულდა.
შეხვედრის შემდეგ, ქართველმა ფეხბურთელმა კომენტარი გააკეთა.
„ძალიან აღელვებული და ბედნიერი ვარ. ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. აქ რამდენიმე თვის წინ მოვედი და უკვე ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვთამაშობ. ინტერი? ისინი იმსახურებენ ფინალში ყოფნას. ძალიან რთული გუნდია, სტანდარტულებში ძალიან ძლიერები არიან და ყურადღებით უნდა ვიყოთ. დარწმუნებული ვარ, ყველაფერს გავაკეთებთ, რადგან ძლიერები ვართ და ჩემპიონთა ლიგის მოგებას ვიმსახურებთ“, - თქვა კვარამ.
შეგახსენებთ, რომ პირველ შეხვედრაში, პსჟ-მა „არსენალს“ ლონდონში 1:0 მოუგო - ერთადერთი გოლი ხვიჩა კვარაცხელიას პასით უსმან დემბელემ გაიტანა.
ჩემპიონთა ლიგის ფინალში ხვიჩას გუნდი „ინტერს“ დაუპირისპირდება, რომელმაც „ბარსელონა“ დაამარცხა. მატჩი 31 მაისს, 23:00 საათზე დაიწყება და მას „ალიანც არენა“ უმასპინძლებს.