ახლა ჩემი მომავალი მეორეხარისხოვანია | ზურიკოს შესაძლო წასვლაზე ჰკითხეს
ლიგა 1-ში ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენი’’ მე-17 ადგილზეა, მხოლოდ „მონპელიეს’’ უსწრებს და ელიტაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის.
სეზონის დასრულებამდე 2 ტური რჩება, 10 მაისს „სენტ-ეტიენი’’ „რეიმსს’’ ესტუმრება და შემდეგ 17 მაისს „ტულუზას’’ მიიღებს. „რეიმსი’’ გასავარდნ ზონასთან ახლოსაა, „ტულუზა’’ უმოტივაციოა.
„რეიმსთან’’ მატჩის წინ ზურიკო დავითაშვილს მის მომავალზე ჰკითხეს. ქართველი შემტევი ლიგა 1-ში სადებიუტო სეზონს ატარებს, აუტსაიდერ კლუბში 16 საგოლე მოქმედება დააგროვა, რაც ძალიან კარგი შედეგია.
დავითაშვილი: „ჩემი მომავალი თუ ლიგა 2-ში გავვარდებით? ამაზე არ ვფიქრობ. „სენტ-ეტიენის’’ ფეხბურთელი ვარ და ვცდილობ ლიგა 1-ში დარჩენისთვის მაქსიმუმი გავაკეთო. ახლა მხოლოდ შემდეგ მატჩებზე ვფიქრობ. ამ მომენტში ჩემი მომავალი მეორეხარისხოვანია. ვფიქრობ, შეგვიძლია ბრძოლა, რომ სეზონის ბოლომდე თამაშში დავრჩეთ’’.
დავითაშვილმა ლიგა 1-ის 31 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი შეასრულა. მან გოლები საუკეთესო ხუთეულის გუნდებიდან სამს გაუტანა: პსჟ-ს, „მონაკოსა’’ და „ლილის’’. ასევე, „ოსერთან’’ ჰეთ-თრიკი შეასრულა, „ანჟესთან'' - დუბლი.
კიდევ ერთი საინტერესო ფაქტია გამოსარჩევი. სეზონის პირველ ნახევარში არასტაბილურობის გამო ხშირად სამართლიანად აკრიტიკებდნენ, თუმცა ბოლო პერიოდში ამ მხრივ ვითარება შეიცვალა, ბოლო 7-დან 5 მატჩში საგოლე მოქმედება ჰქონდა (2 გოლი და 3 საგოლე პასი).
მე-17 ადგილოსანი „სენტ-ეტიენი’’ მე-15 ადგილზე მყოფ „ნანტს’’ 5 ქულით ჩამორჩება, მე-16 ადგილოსან „ლე ავრს’’ – 4 ქულით. თუ მე-16 პოზიციაზე გავა, ფლეი-აუტში ითამაშებს, მე-15 ადგილი ლიგა 1-ში ადგილს გარანტირებულად შეუნარჩუნებს და თუ პოზიცია უცვლელი დარჩება და სეზონის დასრულების შემდეგაც მე-17 ადგილზე ვიხილავთ, ლიგა 2-ში დაქვეითდება და დიდი ალბათობით დავითაშვილს სხვა კლუბში ვიხილავთ. დიდი ალბათობით ზურიკოს მიმართ ინტერესი იქნება და „სენტ-ეტიენი'' 24 წლის ფეხბურთელის სარფიანად გაყიდვას შეძლებს.