„გარისთვის მომზადებისას შეცდომა დავუშვი“ - ისლამმა საიდუმლო გაამხილა
ისლამ მახაჩევმა რამდენიმე კვირის წინ ირლანდიელი იან მაჩადო გარი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და UFC-ის ქვესაშუალო დივიზიონის საჩემპიონო ტიტული პირველივე ცდაზე წარმატებულად დაიცვა. ბრძოლის დასრულების შემდეგ, მახაჩევს ვიზუალურადაც ეტყობოდა, რომ მიზნის მიღწევა ძალიან გაუჭირდა და მართალია, ოქტაგონში მიცემული ინტერვიუსას, ეს ბოლომდე არ აღიარა, თუმცა ახლა ყველაფრის ცივ გონებაზე გაანალიზების შემდეგ, ღიად ისაუბრა იმასთან დაკავშირებით, რომ მაჩადო გარისთან ბრძოლისთვის მომზადების დროს შეცდომა დაუშვა, რამაც მის გამოსვლაზე გარკვეული უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა.
ისლამ მახაჩევი
მზადების პირველი ეტაპი სახლში გავიარე, შემდეგ სამი კვირა კავკასიის მთებში ვიმყოფებოდი შეკრებაზე, კემპის ბოლო რაუნდი კი ნიუ-ჯერსიში ჩავატარეთ. ჯეკ დელა მადალენასთან გამართულმა ბრძოლამ იმ დასკვნამდე მიმიყვანა, რომ წონაში მოსამატებელი სპეციალური ვარჯიშები შემესრულებინა. როდესაც სასწორზე დავდექი, ჩემთვის სასურველი წონის რაოდენობა დაფიქსირდა, თუმცა როგორცკი ინტენსიური ვარჯიში დავიწყე, ვიგრძენი რომ კუნთოვანი მასა კი არა, ზედმეტი კილოგრამები მქონდა მომატებული. კემპი უკვე ისეთ ეტაპზე იყო მისული, რომ მისი სათანადო დონეზე გაკონტროლება ვეღარ შევძელი და იან გარისთან ბრძოლის თითოეული ეპიზოდის დროს ვგრძნობდი, რომ კუნთოვანი მასა მაკლდა, რამაც ჩემს გამოსვლაზე აშკარად უარყოფითად იმოქმედა.
ქვესაშუალო დივიზიონში ჩემი უახლოესი ორი მეტოქე ალბათ კარლოს პრატესი და მაიკლ მორალესი იქნებიან. ისინი უძლიერესი მებრძოლები არიან, რის გამოც თავს მოდუნების საშუალებას არ ვაძლევ და ვცდილობ ყოველდღიურად ისევე ვივარჯიშო, როგორც ამას წლების წინ, ჩემპიონის ტიტულის მოპოვებამდე ვაკეთებდი. იცით, უკვე ძალიან დავიღალე იმის მოსმენით, რომ ესა და ეს მებრძოლი დამანოკაუტებს, ან დამაძინებს. მე ჩემი გეგმა მაქვს, მას მივყვები და მოგებათა სერიას განვაგრძობ.
ცნობისათვის, ისლამ მახაჩევს ამავე ინტერვიუში შეკითხვა შავკატ რახმონოვთან დაკავშირებითაც დაუსვეს, რომლის თაობაზეც დაღესტნელმა ჩემპიონმა განაცხადა, რომ როდესაც დაუმარცხებელი ყაზახი მებრძოლი მუხლის ტრავმას სრულად მოირჩენს, მზად არის ოქტაგონში მასაც დაუპირისპირდეს და ისლამმა ისიც აღნიშნა, რომ რახმონოვთან ჩხუბზე უარი არასოდეს უთქვამს.