„იანი მაგრად სცემს და მომიწევს სამკურნალო ფული ჩავურიცხო“ | მალიხინი მერაბთან წაგებულ 50 000-ზე
ანატოლი მალიხინი MMA-ის ქართველი გულშემატკივრებისთვის ცნობილი მებრძოლია. მან და მერაბ დვალიშვილმა ალჯამეინ სტერლინგისა და პიოტრ იანის მეორე ჩხუბზე სანაძლეო დადეს, რომლის მიხედვითაც, გამარჯვებულს წაგებულისთვის 50 000 აშშ დოლარი უნდა გადაერიცხა.
სტერლინგმა იანი მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით დაამარცხა, თუმცა პიოტრის მეგობარ მალიხინს დვალიშვილისთვის წაგებული თანხა არ ჩაურიცხია. „მანქანამ“ აღნიშნა, რომ მალიხინმა თანხის მხოლოდ მცირე ნაწილი გადაუხადა. ამ თემასთან დაკავშირებით რუსმა მებრძოლმა ისაუბრა:
„მას ფულს დღემდე ვუხდი, ვადა არ არსებობს. ვუთხარი, რომ ფულის მისაღებად ტაილანდში ჩამოფრენილიყო. მერაბმა ეს არ გააკეთა — ალბათ, ფული არ სჭირდება, სულ ესაა. ნელ-ნელა, შეთანხმების მიხედვით ვუხდი. თუ სურვილი ექნება, ფულს მთლიანად გადავურიცხავ, რომ ჯანმრთელობას მოახმაროს. ახლა იანი მაგრად სცემს და ისევ მომიწევს ფულის გადარიცხვა, რათა ცოტ-ცოტა იმკურნალოს“.
შეგახსენებთ, რომ მალიხინი One Championship-ის მებრძოლია და კარიერაში ჩატარებული 16 ორთაბრძოლიდან მხოლოდ ერთხელ დამარცხდა. რაც შეეხება მერაბის პოზიციას, დვალიშვილმა რამდენჯერმე აღნიშნა, რომ მალიხინი მისთვის თანხის სრულად გადახდაზე კატეგორიულ უარს აცხადებს.