„ცუდი ადამიანია, მასზე აღარ მკითხოთ“ - უაითს ნგანუს გახსენება არ სურს
UFC-ის ყოფილი მებრძოლის, ფრენსის ნგანუს ისტორია შერეული ორთაბრძოლების თითქმის ყველა გულშემატკივარმა ძალიან კარგად იცის. 2023 წლის 14 იანვარს კამერუნული წარმოშობის ფრანგმა სპორტსმენმა ორგანიზაციის მძიმე წონის საჩემპიონო ქამარი ვაკანტური გახადა, რადგან დენა უაითთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე შეთანხმებას ვერ მიაღწია და ნგანუ გახდა ბი ჯეი პენის (2004 წელს) შემდეგ ისტორიაში მეორე მებრძოლი, რომელმაც ეს ორგანიზაცია ჩემპიონის რანგში დატოვა. მასთან დაკავშირებით შეკითხვა სულ ახლახანს დენა უაითს კიდევ ერთხელ დაუსვეს, რამაც ეს უკანასკნელი წყობიდან გამოიყვანა და ფრანგის საჯაროდ გაკრიტიკებას არ მოერიდა, თუმცა პასუხი ფრენსისისგანაც მალევე მიიღო და შესაბამისად, მათ შორის ურთიერთობა კიდევ ერთხელ, უკიდურესად დაიძაბა.
დენა უაითი
ფრენსის ნგანუ? ის ოსკარ დე ლა ჰოიასთან ერთად ჩემთვის შავ სიაში შედის. აქ საქმე მხოლოდ ჩემთან და UFC-სთან დამოკიდებულებაში არ გახლავთ. გადახედეთ მის დამოკიდებულებას სხვა კომპანიებთან, რომლის წევრიც იყო და მიხვდებით, რომ ნგანუ ძალიან ცუდი ადამიანია. მისი წაგება ყოველთვის გამიხარდება და მასზე საუბარი აღარასოდეს აღარ მსურს.
ფრენსის ნგანუ
ცუდ ადამიანს მიწოდებს ტიპი, რომლისგანაც გაქცევას და თავის დაღწევას სამი წლის განმავლობაში ვცდილობდი. მან გააკეთა ყველაფერი საიმისოდ, რომ თავისუფალი აგენტი არასოდეს ვყოფილიყავი. დენა, შენ ამ მარცხთან შეგუება მოგიწევს და ეს ყველაფერი შეუქცევად ხასიათს მიიღებს.
ცნობისათვის, ფრენსის ნგანუს კარიერის განმავლობაში ჩატარებული 22 ბრძოლიდან 19 აქვს მოგებული და 3 მარცხი განცდილი. ცხრამეტი გამარჯვებიდან ფრანგმა 14 ნოკაუტით დაასრულა, ბოლოს კი მან 16 მაისს MVP MMA-ს ორგანიზაციის ეგიდით იბრძოლა და ფილიპ ლინსი პირველივე რაუნდში ნოკაუტში გაგზავნა.