„არ მგონია, ნაპოლიმ ეს სიამოვნება მიანიჭოს“ | ხვიჩა იტალიის ჩემპიონი ვერ გახდება?
იტალიელმა ჟურნალისტმა, კარლო ალვინომ, რომელიც „ნაპოლისთან“ დაახლოებული პირია, საინტერესო ინფორმაცია გააჟღერა. „პარტენოპეი“ სერია A-ს მოგებასთან ახლოსაა და ალვინომ „კვარას“ ჩემპიონობის საკითხზე ნეაპოლელთა პოზიცია გაგვიზიარა.
„ოქროს მედალი კვარასთვის? გადაწყვეტილება ნაპოლიმ უნდა მიიღოს და არ მგონია, კლუბმა მას ეს სიამოვნება მიანიჭოს. რამდენიმე შეხვედრაში, კვარაცხელიამ გუნდის წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა, გამორჩეულად, მილანთან მატჩი მახსენდება, მაგრამ ბევრი სხვა პრობლემა არსებობს“.
როგორც მოგეხსენებათ, წესების თანახმად, სერია A-ს ჩემპიონი ავტომატურად ხდება ყველა ის ფეხბურთელი, რომლებიც ჩემპიონობის განაღდების მომენტში, გუნდის განაცხადში არიან. კვარაცხელია მათ რიცხვს არ ეკუთვნის, შესაბამისად, გამოცხადდება თუ არა ხვიჩა იტალიის ჩემპიონად, ეს კლუბის არჩევანია.
სერია A-ს მიმდინარე სეზონის დასრულებამდე, „ნაპოლი“ „ჯენოას“ მიიღებს, შემდეგ „პარმას“ ესტუმრება, ბოლო ტურში კი „კალიარის“ უმასპინძლებს. „პარტენოპეის“ უშუალო კონკურენტის, „ინტერის“ კალენდარი, რომელიც 3 ქულით უკანაა, ასეთია: „ტორინო“ (გასვლა), „ლაციო“ (შინ), „კომო“ (გასვლა).