48 ქულა, 12 სამქულიანი და რეკორდი | სტეფ კარის საოცარი მატჩი პორტლენდთან
„გოლდენ სტეიტ უორიორსმა“ ზედიზედ მეორე შეხვედრა წააგო. „მინესოტა ტიმბერვულვზთან“ მარცხის შემდეგ „უორიორსი“ სტუმრად „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსს“ დაუპირისპირდა და სტეფ კარის საოცარი თამაშის მიუხედავად, მაინც ვერ გაიმარჯვა — 131:136.
კარი ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო და მატჩი 48 ქულით, 3 მოხსნით, 2 შედეგიანი გადაცემით, 3 ჩაჭრითა და 1 დაფარებით დაასრულა. სტეფმა 19-დან 12 სამქულიანი ჩააგდო, 4-დან 4 საჯარიმო სროლა გამოიყენა და პარკეტიდან 61.5 პროცენტით შეუტია (26-დან 16 ბურთი).
კარიმ ლეგენდარული მაიკლ ჯორდანის მიღწევა გააუმჯობესა — 30 წლის შესრულების შემდეგ სტეფს NBA-ის ისტორიაში ყველაზე მეტი 40-ქულიანი მატჩი აქვს. მის ანგარიშზე 45 ასეთი შეხვედრაა. გარდა ამისა, კარიმ მინიმუმ 45 ქულა და 12 სამქულიანი კარიერაში მეოთხედ ჩააგდო — მსგავსი რამ ორჯერაც კი არავის გაუკეთებია.
„გოლდენ სტეიტის“ რიგებში 16 ქულა ჯიმი ბატლერს ჰქონდა, ხოლო დრეიმონდ გრინმა 14 ქულა, 8 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. „პორტლენდის“ მხრიდან 35-35 ქულით ჯერემი გრენტი და შეიდონ შარპი გამოირჩნენ. დენი ავდიამ 26 ქულა, 6 მოხსნა და 8 პასი დააგროვა.
ცნობისთვის, „გოლდენ სტეიტს“ 13 მოგება და 14 წაგება აქვს და დასავლეთ კონფერენციაში მერვე ადგილზე იმყოფება. „უორიორსის“ მომდევნო მეტოქე „ფინიქს სანსი“ იქნება, რომელსაც 19 დეკემბერს დაუპირისპირდება.