„მე ყოველთვის ყველაზე პატარა ვიყავი“ - 160 სმ სიმაღლის მაგსი ბოგზის გზა NBA-ს ვარსკვლავობამდე
Aa Aa

„მე ყოველთვის ყველაზე პატარა ვიყავი“ - 160 სმ სიმაღლის მაგსი ბოგზის გზა NBA-ს ვარსკვლავობამდე

160 სანტიმეტრის სიმაღლის მაგსი ბოგზი NBA-ის ისტორიაში ყველაზე დაბალი მოთამაშეა. თუმცა ამ ფაქტს ხელი არ შეუშლია მისთვის, რომ მნიშვნელოვანი კვალი დაეტოვებინა მსოფლიო კალათბურთის ისტორიაში.

ბოგზი შედის NBA-ის ყველა დროის 25 საუკეთესო ასისტენტს შორის (კარიერაში 6726 გადაცემა), უსწრებს რა ისეთ ლეგენდებს, როგორებიც არიან: კობი ბრაიანტი, ჯერი უესტი, სკოტი პიპენი, კლაიდ დრექსლერი, ლარი ბერდი და მაიკლ ჯორდანი.

მაგსი ბოგზი

მაგსიმ დაძაბული ბავშვობა აღმოსავლეთ ბალტიმორის მყუდრო ბინაში გატარა. ელეინ ბოგზს ისე უნდოდა მეოთხე შვილი, რომ ორი შეწყვეტილი ორსულობის შემდეგ მაინც გააჩინა, ხოლო უფროსი და - შერონი იმდენად გახარებული იყო მესამე ძმის გაჩენით, რომ მის ნებისმიერ სურვილს ასრულებდა.

თაირონს (მაგსის ნამდვილი სახელი) უნდოდა კალათბურთის თამაში, თუმცა მას სხვა რამეს ურჩევდნენ: ფეხბურთს, ჭიდაობას, ბეისბოლსა და მაგიდის ჩოგბურთსაც კი. მაგიდის უკნიდან ძლივს რომ იხედებოდა, მან ბავშვთა ტურნირი მოიგო, მაგრამ პინგ-პონგი ისე არ ხიბლავდა, როგორც კალათბურთის შეჯიბრებები დასთან (მხოლოდ ის ეთამაშებოდა ხალისით და სიმაღლეზე დაცინვის გარეშე).

შერონი მაგსიზე ხუთი წლით უფროსი იყო და თავიდან ამარცხებდა ძმას, მაგრამ დროთა განმავლობაში თაირონმა დახვეწა დრიბლინგი სროლით და გამარჯვება დაიწყო. მეზობელი ბავშვები უკვე იღებდნენ მას საკალათბურთო ჯგუფებში, მან კი ისწავლა, როგორ მიეღო სარგებელი მისი მოკრძალებული ანთროპომეტრიისგან: დიახ, ყველაზე დაბალი იყო, სამაგიეროდ თამაშს უნიკალური წერტილიდან ხედავდა.

სატელევიზიო ტრანსლაციებში მან თავისნაირი დაბალი კალათბურთელები ვერ აღმოაჩინა და მაგალითს იღებდა 167-სანტიმეტრის სიმაღლის დუეინ უეიდისგან – ის რამდენიმე წლით უფროსი იყო და სკოლა „დანბარის“ გუნდში თამაშობდა.

მაგსი ბოგზი

ბოგზი ცდილობდა, მისნაირად გონივრულად გაეკეთებინა საგოლე გადაცემები და გაქცეულიყო სწრაფ გარღვევებში, ხოლო დაცვაში მან პირველ კერპსაც კი აჯობა.

ბოგზი გუნდში უეიდის უმცროს ძმასთან ერთად თამაშობდა და მისი თავხედური ჩაჭრების შემხედვარე დუეინმა თაირონი მაგსის შეადარა - ეს იყო ტანდაბალი პერსონაჟი სერიალიდან The Bowery Boys-ი.

ბოგზს სერიალი ნანახი არ ჰქონდა და ახალი შეიძულა, რადგან მორიგ შეურაცხყოფად მიიჩნევდა, „მახინჯის“ და „ჯუჯას“ მსგავსად.

The Bowery Boys-ის ნახვის შემდეგ, მან გაიგო, რომ ის პერსონაჟი მხიარული ბიჭი იყო, რომელიც ბანდას აერთიანებდა და იმდენად შეუყვარდა მეტსახელი, რომ მან თავისი ნამდვილი სახელი ჩაანაცვლა: მაგალითად, მომავალ მეუღლეს  თავი მაგსად გაეცნო და არა თაირონად.

მაგსიმ სიმაღლეში ზრდა 12 წლის ასაკში შეწყვიტა და სწორედ მაშინ დააპატიმრეს მამამისი. ბილი პორტში მტვირთავად მუშობდა, თუმცა წლების განმავლობაში ბალტიმორში სამუშაო მცირდებოდა, ნარკოტიკები კი მრავლდებოდა.

ბილი ნარკოტიკებმა გაიტაცა და მალე 20 წელი მიიღო შეიარაღებული ძარცვისთვის. მკაცრი რეჟიმის კოლონიაში ცოლი მას ყოველ შაბათს სტუმრობდა, მაგსი კი არ დადიოდა (რასაც მოგვიანებით ნანობდა), მამაზე ძალიან იყო გაბრაზებული.

კალათბურთი მისთვის რთული რეალობისგან თავშესაფარი გახდა. მაგსის განვითარებას ხელი შეუწყვეს სპორტული ცენტრის მწვრთნელებმა  – ლარი ჰოლიმ და ედგარ ბელმა. ეს უკანასკნელი უფრო მკაცრი იყო და ერთხელ, როდესაც ბოლო მეოთხედში რამდენიმე ქულით აგებდნენ, ბოგზი სკამზე დასვა.

მაგსი გაბრაზდა და როდესაც მწვრთნელმა სახლში მიიყვანა და დამშვიდობებისას ორცხობილა გაუწოდა, საპასუხოდ მან მანქანას აგური ესროლა და მინა ჩაამტვრია. მანქანა გაჩერდა - მაგსი ბელისგან წიხლს ელოდა, მაგრამ მწვრთნელმა არაფერი თქვა და გზა გააგრძელა. უახლოეს ვარჯიშზე ბოგზმა ბოდიში მოიხადა და სასჯელს გადაურჩა.

ბელის გუნდში მაგსი დაუმეგობრდა მაღალ სვინგმენს, რეჯი უილიამსს. ის არა მხოლოდ გაცილებით მაღალი იყო, არამედ ჩუმიც. ისინი თითქმის არ შორდებოდნენ ერთმანეთს და მიაღწიეს თითქმის ძმურ ურთიერთგაგებას.

მაგსი ბოგზი

უბნიდან უბანში თამაშისას, ბოგზი და უილიამსი ხშირად ეჯახებოდნენ სხვა ძლიერ დუეტს - რეჯი ლუისსა და დევიდ უინგეიტს. ისინი შეთანხმდნენ, რომ გაერთიანდებოდნენ „დანბარის“ სკოლაში, რომელიც ბოგზის სახლიდან 2 ნაბიჯში მდებარეობდა.

მაგსი იქ არ მოხვდა და  უფრო მოშორებით მდებარე სკოლაში გადაიყანეს. ამ სკოლის კალათბურთის მწვრთნელი, მერედიტ სმიტი, ბოგზს თითქმის არ უშვებდა მოედანზ და „დანბარში“ გადასვლასთან დაკავშირებით პრობლემები შეიქმნა.

კერძოდ, რაღაც დოკუმენტები დაიკარგა და ბოგზმა მთელი სეზონი დაკარგა, გარედან აკვირდებოდა, როგორ თამაშობდნენ ლუისი, უილიამსი და უინგეიტი „დანბარის“ სახელით.

ლოდინი ამად ღირდა: ბოგზის მოსვლით ოთხი მეგობრისგან ამერიკის ისტორიაში საუკეთესო სასკოლო გუნდი შედგა – ორ წელიწადში მათ 60 მატჩი მოიგეს, არც ერთხელ არ დამარცხებულან და მთელი ოთხეული NBA-ში მოხვდა: სამი მათგანი 1987 წელს პირველ რაუნდში აირჩიეს დრაფტზე, ხოლო უინგეიტი – ერთი წლით ადრე.

ყველა გასვლით მატჩში ერთი და იმავე ხდებოდა: ბოგზს სიცილითა და დაცინვით ხვდებოდნენ, მაგრამ ის ჩაჭრებით ამპარტავნებას უხსნიდა მეტოქეს, და „დანბარი“ ორნიშნა სხვაობით იმარჯვებდა.

„დანბარის“ მწვრთნელი, ბობ უეიდი მოზარდების მხოლოდ ტალანტს არ ეყრდნობოდა. ვარჯიშებზე აგურებით ხელში სირბილსა და ხტომას აიძულებდა, ხოლო დანარჩენ დროს ინფორმატორების დახმარებით,მთელ ბალტიმორში აკვირდებოდა მოთამაშეებს და საჭიროების შემთხვევაში, უსიამოვნებებისგან იხსნიდა.

მწვრთნელის კონტროლმა ხელი არ შეუშალა ბოგზს, რომ სკოლის ბოლო კლასში მამა გამხდარიყო. მისი საკალათბურთო კარიერის გაგრძელება ვეიკ ფორესტის უნივერსიტეტში საფრთხის ქვეშ დადგა, მაგრამ დედამისმა თქვა, რომ მის ქალიშვილზე იზრუნებდა, სანამ ის სწავლობდა და ბოგზმა მშობლიური ქალაქი დატოვა.

მაგსი ბოგზი

„ვეიკ ფორესტი“ სტუდენტურ ჩემპიონატში მეშვიდე გახდა, თუმცა მაგსი ცოტას თამაშობდა და ცუდად სწავლობდა – ერთ-ერთ გამოცდაზე გადაწერაში დაადანაშაულეს და კინაღამ გარიცხეს.

მეორე წელს „ვეიკ ფორესტში“, უკვე ძირითადი გამთამაშებლის როლში, მაგსიმ უნივერსიტეტის ჩაჭრებისა და გადაცემების რეკორდები მოხსნა: ის იმდენად შესამჩნევი გახდა, რომ „დიუკთან“ თამაშის წინ, მოკვლითაც კი დაემუქრნენ, თუ ბოგზი მოედანზე გავიდოდა. ამის მიუხედავად, მაგსიმ მაინც ითამაშა.

ბოგზმა NCAA-ში (ამერიკის სტუდენტური სპორტის ეროვნული ასოციაცია) ოთხი წელი გაატარა. მისი პასებისა და ჩაჭრების მაჩვენებლებმა მიიპყრო NBA-ის სკაუტების ყურადღება, რომლებმაც თვალი დახუჭეს მოთამაშის დაბალ სიმაღლეზე. მით უმეტეს, რომ მაგსიმ საკუთარი კლასი დაადასტურა ესპანეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც აშშ-ის ნაკრებმა ფინალში საბჭოთა კავშირი დაამარცხა.

1987 წლის NBA-ს დრაფტზე, ბოგზი აირჩია „ვაშინგტონ ბულეტსმა“, სადაც მას ხანმოკლე დროით მოუწია ლიგის ისტორიაში ყველაზე მაღალ მოთამაშესთან, 231 სანტიმეტრი სიმაღლის მანუტე ბოლთან შეხვედრა. ისინი ერთად არაერთხელ მოხვდნენ ჟურნალების გარეკანებზე, რადგან მათი დუეტი ძალიან შთამბეჭდავი იყო.

მაგსი ბოგზი და მანუტე ბოლი

„ბულეტსმა“ ბოგზი მე-12 ნომრად აირჩია, რაც 160 სანტიმეტრი სიმაღლის კალათბურთელისთვის ფენომენალურ შედეგად შეიძლება ჩაითვალოს.

1987 წლის დრაფტის კლასი ძალიან ნიჭიერი იყო და მოიცავდა NBA-ის მომავალ სუპერვარსკვლავებს: დევიდ რობინსონს, რეჯი მილერს, სკოტი პიპენსა და კევინ ჯონსონს.

„ვაშინგტონში“ მაგსიმ მხოლოდ ერთი წელი გაატარა, რის შემდეგაც „შარლოტ ჰორნეტსში“ გადავიდა. ის ყველაზე ხშირად სწორედ ამ კლუბში ასპარეზობასთან ასოცირდება.

ბოგზმა „ჰორნეტსში“ 10 წელი გაატარა და NBA-ს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საკულტო მოთამაშე გახდა. ამის მიუხედავად, მას არასდროს მიუღია მონაწილეობა NBA-ის ყველა ვარსკვლავის მატჩში.

უჩვეულოდ დაბალი სიმაღლე ბოგზს დამატებით ყურადღებას სძენდა და გულშემატკივრებში უკიდურესად პოპულარულს ხდიდა. გასაკვირველი არ არის, რომ მაგსიმ მონაწილეობა მიიღო ცნობილ ფილმში „კოსმოსურ ჯემი“, რომელშიც მთავარი როლი მაიკლ ჯორდანმა შეასრულა.

მაგსი ბოგზი

ბოგზს ხშირად უწევდა ჯორდანთან დაპირისპირება მოედანზე. 1995 წელს, მაგსის „შარლოტი“ და „ჩიკაგო ბულზი“ პლეი-ოფში შეხვდნენ ერთმანეთს. ერთ-ერთ მომენტში ჯორდანმა გადაწყვიტა, რომ საკუთარი მეთოდით გაეტეხა თავხედი დაბალი ტანის მეტოქე, რომელიც დაცვითი მოქმედებებით გამუდმებით ნერვებს უშლიდა.

მაიკლი მიზანმიმართულად არ გააქტიურდა დაცვაში და დაუყვირა: „აბა, ისროლე, ჯუჯავ!“. ბოგზი აღიარებდა, რომ ამ მომენტის შემდეგ ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა, მაგრამ საბოლოოდ მოახერხა მდგომარეობიდან გამოსვლა და NBA-ში კიდევ ექვსი წელი ითამაშა.

„მე ყოველთვის ყველაზე დაბალი და პატარა ვიყავი პარკეტზე. ასაკი მემატებოდა და ყველა იზრდებოდა გარშემო, ჩემ გარდა. ჩემმა სიმაღლემ უშიშარი გამხადა. მინდოდა დამემტკიცებინა, რომ ყველა ცდებოდა ჩემ შესახებ“, – თქვა ერთხელ ბოგზმა.

1997-2001 წლებში მაგსი თამაშობდა „გოლდენ სტეიტ უორიორსსა“ და „ტორონტო რეპტორსში“. მაგსიმ სტატისტიკური თვალსაზრისით უკან დაიხია „ჰორნეტსში“ გატარებულ პიკურ წლებთან შედარებით, თუმცა 36 წლამდე NBA-ში მოთხოვნადი იყო, სანამ ოფიციალურად არ დაასრულა კარიერა.

მაგსი ბოგზის საოცარი ისტორია იმის მტკიცებულებაა, რომ დაბალი სიმაღლე ყოველთვის არ არის განაჩენი მათთვის, ვისაც სურს, პროფესიონალი კალათბურთელი გახდეს.

მაგსი ბოგზი

გაზიარება: