ლებრონ ჯეიმსი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კალათბურთელია, რომლის ანგარიშზე არაერთი გამორჩეული მიღწევაა.
რთული ბავშვობის გავლის შემდეგ, ამერიკელმა კალათბურთელმა პროფესიული კარიერა 2003 წელს „კლივლენდის “ შემადგენლობაში დაიწყო.
ის ასევე თამაშობდა „მაიამი ჰიტში“, ამჟამად კი„ლოს-ანჯელეს ლეიკერსში“ ასპარეზობს.
ბავშვობა
1984 წლის 30 დეკემბერს, ლებრონის დედა, გლორია ჯეიმსი, სულ რაღაც 16 წლის იყო, როდესაც ოჰაიოს შტატის ქალაქ აკრონში, პირველი და ერთადერთი შვილი გააჩინა.
ჯეიმსის მამა დღემდე ნამდვილ მისტიკურ ფიგურად რჩება. ქალაქში გავრცელებული ხმების მტკიცებით, ლებრონის ბიოლოგიური მამა როლანდ ბივინსია, ადგილობრივი ვარსკვლავი და საკალათბურთო გუნდის მთავარი ტალანტი, რომელმაც 1980–1981 წლების სეზონში შტატის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
ისინი, ვინც იმ პერიოდს მოესწრნენ, იხსენებენ, რომ გლორია და ბივინსი ხშირად ტრიალებდნენ ერთსა და იმავე წრეებში და აღნიშნავენ ლებრონისა და როლანდის ფიზიკური პარამეტრების მსგავსებას.
გარდა ამისა, გავრცელებული ვერსია იმის შესახებ, რომ ლებრონის მამა მის ბავშვობაში გარდაიცვალა, ზოგადად, შეესაბამება ტრაგიკულ რეალობას: ბივინსი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს, როდესაც ჯეიმსი 8 წლის იყო.
2022 წელს, ESPN-მა გამოაქვეყნა მასალა, რომლის ავტორიც მივიდა დასკვნამდე, რომ ლებრონის მამა ენტონი მაკკილანდია – გლორიას ნაცნობი, რომელმაც გოგონა მიატოვა, როცა მისი ორსულობის შესახებ შეიტყო.
გლორია ლებრონს ძირითადად მარტო ზრდიდა. პირველ ხანებში მას დედა ეხმარებოდა.
თუმცა ფრედა ჯეიმსი გულის შეტევით გარდაიცვალა შობის დილას, როდესაც გლორია 19, ლებრონი კი - 3 წლის იყო.
ამ ტრაგედიის ფონზე, სწავლისა და მუშაობის შეთავსებისა და განათლების მიღების ალტერნატიული გზების ძიების ყველა გეგმა გაქრა. გლორიამ ვერ დაამთავრა სკოლა და შესაბამისად, ვერ ჩააბარა კოლეჯში, რათა რაიმე დიპლომი ან სტიპენდია მოეპოვებინა.
მუშაობა ორ ცვლაში და პარალელურად ახლის, თუნდაც რამდენიმე დოლარით უკეთესი ანაზღაურების მქონე სამსახურის ძიება და რა თქმა უნდა, ყოველი თავისუფალი წუთი პატარასთვის.

ლებრონის დაბადებიდან რამდენიმე წლის განმავლობაში, ის და დედამისი აკრონში, დიდ ვიქტორიანულ სახლში ცხოვრობდნენ, რომელიც ოჯახს რამდენიმე თაობის განმავლობაში ეკუთვნოდა.
გარკვეული ხნით ეს გარემოება ეხმარებოდა გლორიას, შეენარჩუნებინა თავშესაფარი საკუთარი თავისა და შვილისთვის. ხელისუფლება ითვალისწინებდა მემკვიდრეობის ფაქტორს და უზრუნველყოფდა შეღავათებსა და გადახდის გადავადებას.
ლებრონის ბებიის გარდაცვალების შემდეგ, დედა-შვილს ფული არაფერში არ ყოფნიდა: შენობა ნელ-ნელა ინგრეოდა. საბოლოოდ, ქალაქის ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ უფრო ადვილი იქნებოდა მარტოხელა დედის გამოსახლება, ხოლო გათავისუფლებული ფართის საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენება.
გლორიას არ ჰქონდა ფული კომუნალური გადასახადების გადასახდელად, სასამართლო დავებზე ხომ საუბარი ზედმეტია. საბოლოოდ, მას სახლი არენდის გადაუხდელობის გამო წაართვეს, რის შემდეგაც შენობა ბულდოზერებით დაანგრიეს. ლებრონი იმ მომენტში 5 წლის იყო.
მომდევნო სამი წლის განმავლობაში, ჯეიმსმა და დედამისმა 12-ჯერ გამოიცვალეს საცხოვრებელი ადგილი. ლებრონი სკოლიდან სკოლაში გადადიოდა, ახალ მეგობრებს იძენდა, რამდენიმე თვეში კი დედას კვლავ ყუთების ჩალაგებაში ეხმარებოდა, რათა გაურკვეველი მიმართულებით წასულიყვნენ.
მეოთხე კლასში მან სკოლაში თითქმის 100 დღე გააცდინა მხოლოდ იმიტომ, რომ ოჯახს საშუალება არ ჰქონდა: სასკოლო ავტობუსების მარშრუტები სახლთან ახლოს არ გადიოდა, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ყოველდღიურად თანხის დახარჯვას კი გლორია ვერ ახერხებდა.
ლებრონისთვის ერთადერთი შვება ის იყო, რომ დედამისი ყოველთვის მის გვერდით იყო.
„მე ვხედავდი, რომ არსებობდა უამრავი გარემოება, რომლებიც დედაჩემზე არ იყო დამოკიდებული და რაზეც მას გავლენის მოხდენა არ შეეძლო. მაგრამ მე ისიც ვიცოდი, რომ მის ცხოვრებაში არავინ იყო ჩემზე მნიშვნელოვანი და თქვენ წარმოდგენა არ გაქვთ, უსაფრთხოების რა შეგრძნებას ქმნის ეს, როგორ გაიძულებს ირწმუნო, რომ ნებისმიერი სიძნელის გადალახვა შეგიძლია“, - თქვა წლების შემდეგ ლებრონმა.
როდესაც ლებრონი 9 წლის გახდა, გლორიამ თავის ცხოვრებაში ყველაზე რთული გადაწყვეტილება მიიღო. მან გააცნობიერა, რომ ვერ აძლევდა შვილს იმას, რაც მას ყველაზე მეტად სჭირდებოდა – სრულფასოვან ოჯახს.
ორ ძმასთან ერთად, გლორია სავსე სახლში გაიზარდა. მასზე დედა, ბებია და ბაბუა ზრუნავდნენ, გარშემო ბევრი მეგობარი და მეზობელი ჰყავდა. სწორედ ასე გაიგო მან, რა იყო ოჯახური ფასეულობები და იგივე სურდა შვილისთვისაც. ამიტომაც გადაწყვიტა, ის აღსაზრდელად სხვებისთვის გადაეცა.

„ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული გადაწყვეტილება იყო და ამავე დროს, ერთ-ერთი საუკეთესო. იმ დროს მას სტაბილურობა სჭირდებოდა. ეს მძიმე იყო და მე ეს ვიცოდი. საქმე ჩემში არ იყო. საქმე მასში იყო. მე უპირველეს ყოვლისა მის კეთილდღეობაზე უნდა მეფიქრა“, – იცავდა თავის გადაწყვეტილებას წლების შემდეგ გლორია.
„ეს ძალიან მძიმე დრო იყო. დედა მელაპარაკა და ამიხსნა, რომ უოკერებთან ვიცხოვრებდი, სანამ ის თავის ცხოვრებას დაალაგებდა. მე მესმოდა, რამდენად საშინელი იყო მისთვის თავად ეს იდეა. მაგრამ სხვა ვარიანტი არ გვქონდა - ასე უკეთესი იყო მისთვისაც და ჩემთვისაც. თავიდან წარმოუდგენლად რთული იყო. მე ისედაც არასდროს მინახავს მამაჩემი ცხოვრებაში და მაშინებდა ფიქრი, რომ თუნდაც დროებით, დედასაც დავკარგავდი. ის დამპირდა, რომ ხშირად მნახავდა და ისევ ერთად ვიქნებოდით, როდესაც ის შეძლებდა, თუნდაც მინიმალური სტაბილურობა შეექმნა ჩვენთვის“, - წერდა ამის შესახებ ჯეიმსი მოგვიანებით.
საბოლოოდ, ლებრონი საცხოვრებლად ფრენკ და პემ უოკერებთან გადავიდა აკრონში.
იმ დროისთვის ფრენკ უოკერი, რომელსაც „დიდ ფრენკს“ ეძახდნენ, წვრთნიდა პატარა საფეხბურთო გუნდს, სახელწოდებით „სამხრეთის რეინჯერები“.
ის ხედავდა პოტენციალს მორცხვ მეხუთეკლასელში, მაგრამ, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ხედავდა ჰობის საჭიროებას, რომელიც დროთა განმავლობაში შეიძლებოდა უფრო დიდ რამედ ქცეულიყო.
„უოკერები გულწრფელად ღელავდნენ იმაზე, რომ 9 წლის ასაკში მე, ფაქტობრივად, უკვე მომთაბარე ვიყავი“, - იხსენებდა ჯეიმსი.
ცოლ-ქმარი უოკერები ერთი წლის განმავლობაში ლებრონზე საკუთარი შვილივით ზრუნავდნენ, ყოველ შაბათ-კვირას კი ის დედას სტუმრობდა.
ლებრონს მოსწონდა ეს გრაფიკი, მოსწონდა დისციპლინა, რომელმაც მას უსაფრთხოების, სტაბილურობისა და ოჯახური ცხოვრების ნანატრი შეგრძნება აჩუქა – ზუსტად ის, რაც დედას სურდა მისთვის.
იმ წელს მას სკოლაში არც ერთი დღე არ გაუცდენია და რაც მთავარია, ლებრონმა დაიწყო კალათბურთის თამაში, ფრენკ უოკერის წყალობით.

მე-5 კლასში ჯეიმსი საკალათბურთო გუნდ „შუთინგ სტარზის“ რიგებში მიიღეს. 1997 წელს, ეროვნულ ჩემპიონატზე, ლებრონი ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, „შუთინგ სტარზმა“ კი პირველი ადგილი დაიკავა.
კოლეჯში ჩაბარების წინ, NBA-ს მომავალი ვარსკვლავისთვის უმსხვილესი სპორტული კომპანიები – Adidas-ი, Nike და Reebok-ი იბრძოდნენ.
კარიერა
NBA-ის პროფესიონალურ კლუბ „კლივლენდ კავალიერსის“ შემადგენლობაში ლებრონი 2003 წელს შევიდა. სადებიუტო თამაშში მან 25 ქულა დააგროვა, 9 შედეგიანი გადაცემა, 6 მოხსნა შეასრულა და კრიტიკოსებს დაუმტკიცა, რომ სკოლის გუნდის ბიჭს პროფესიონალურ დონეზე თამაში შეეძლო.

2010 წელს ჯეიმსმა კონტრაქტი გააფორმა „მაიამი ჰიტთან“. 2011 წლის 21 თებერვალს, „ყველა ვარსკვლავის“ მატჩზე, მან მაიკლ ჯორდანის რეკორდი გაიმეორა: 3 სტატისტიკურ მაჩვენებელში 10-ზე მეტი ქულა დააგროვა – 29 ქულა, 10 გადაცემა, 12 მოხსნა.
2012 წელს ლებრონმა 20 000 ქულის ზღვარი გადალახა და NBA-ის ყველაზე ახალგაზრდა კალათბურთელის ტიტული მიიღო, რომელმაც მსგავსს შედეგს მიაღწია.

2014 წლიდან 2018 წლამდე ჯეიმსი კვლავ „კლივლენდში" დაბრუნდა. 2014/2015 წლების სეზონის დასაწყისში. კალათბურთელს ზურგის ქვედა ნაწილსა და მარცხენა მუხლზე პრობლემები აღმოაჩნდა. რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, სპორტსმენი 2 კვირის განმავლობაში არ მონაწილეობდა მატჩებში.

2018 წელს, კალათბურთელმა კონტრაქტი გააფორმა „ლოს-ანჯელეს ლეიკერსთან“, სადაც მან მნიშვნელოვნად შეცვალა თამაშის სტილი და მცველის როლის შესრულება უფრო ხარისხიანად დაიწყო.
2022/2023 წლების სეზონში კალათბურთელმა „სან-ანტონიო სპურსის“ წინააღმდეგ მატჩში 39 ქულა დააგროვა და NBA-ის თამაშების მთელი ისტორიის განმავლობაში, 45 000 ქულის ზღვარი გადალახა.

პირადი ცხოვრება
ლებრონ ჯეიმსის პირადი ცხოვრება გაცილებით წარმატებით აეწყო, ვიდრე დედამისის.
მომავალი ცოლი - სავანა, კალათბურთელმა ჯერ კიდევ სკოლაში გაიცნო, როდესაც ისინი 16-17 წლისები იყვნენ და თავისი ბიოგრაფიის ყველა მნიშვნელოვანი სპორტული მომენტი სწორედ მასთან ერთად გაიარა.
2004 წლის 6 ოქტომბერს, ბედნიერი წყვილი პირველად გახდა მშობელი. ვაჟს მამის პატივსაცემად – ლებრონ ჯეიმსი დაარქვეს.
2007 წლის 14 ივნისს, კალათბურთელი მეორედ გახდა მამა. ბიჭს ბრაის მაქსიმუსი დაარქვეს.
2012 წელს, წყვილმა ნიშნობის შესახებ გამოაცხადა და დაინიშნა. დახურული საქორწინო ცერემონია 200 სტუმრის მონაწილეობით, 2013 წლის 14 სექტემბერს გაიმართა.
მათი დიდი ხნის ნანატრი ქალიშვილი, ჟური, 2014 წლის 22 ოქტომბერს დაიბადა.

ერთ-ერთ პოდკასტში მან ოჯახზე ასეთი რამ თქვა:
„ნამდვილად არ მინდა მარტო ვიყო. თუ საჭირო იქნება ბრძოლა, ცოცვა, ფხაჭნა, კბენა - ამას გავაკეთებ, რათა ჩემი შევინარჩუნო. მე ერთადერთი შვილი ვარ, ერთი მშობლის გვერდით გავიზარდე. როდესაც ცოლს შევხვდი, გავიფიქრე: „ეს სიგიჟეა, ეს საოცარია, ეს მომწონს“ და ჩემს თავს ვუთხარი: „არა, ჯანდაბას მარტოობა“.